ე.წ ციანიდის საქმეზე ორომტრიალი არ წყდება. დღითიდღე იზრდება ინტერესი თუ რა მოხდა რეალურად. რაც უფრო გადის დრო, მით უფრო ბევრი კითხვები ჩნდება, მაგრამ პასუხები სულ უფრო და უფრო ნაკლებია. ვინ ვის წამლავდა ეს გამოძიების საქმეა და თუკი ჩვენს პროკურატურას რეალურად აქვს ნება და ყოფნის პროფესიონალიზმი, რომ ეს საქმე გამოიძიოს, არ უნდა იყოს რთული სიმართლის დადგენა. თუმცა, ძალიან ძნელია პროკურატურის მოქმედებებიდან გამომდინარე ირწმუნოს უბრალო მოქალაქემ, რომ საგამოძიებო უწყება სწორ გზას ადგას. ბრალდების მხარე სუსტია. უფრო მეტიც, ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, აშკარად ჩანს, რომ ის დაინტერესებული მხარეა და ის თითქოს უკვე წინასწარ დაგეგმილი სცენარით მოქმედებს.
რა ხდება რეალურად? რატომ გატყდა ციხე შიგნიდან ასე მარტივად მაშინ, როცა ეს წლების განმავლობაში ვერავინ მოახერხა. დიდი ხნის მანძილზე, მსუყე კაპიტალის არსებობა და ბიუჯეტიდან მილიონობით ფინანსური რესურსების დინება დღეს თუ არა ხვალ, საპატრიარქოში დაძაბულობის კერას აუცილებლად შექმნიდა, რადგან ფული და მისგან გაჩენილი მატერიალური კეთილდღეობისკენ ლტოლვა ყველგან და ყოველთვის აჩენს დაძაბულობის კერებს, ქმნის დაპირისპირებებს ქონებითა და ბიზნესით დაინტერესებულ პერსონათა შორის.
მახსენდება მამა ბასილ კობახიძე, რომელმაც ჯერ კიდევ 2006 წელს სკანდალური წერილი გამოაქვეყნა და საპატრიარქოში არსებული მანკიერი მხარეები გამოააშკარავა. აქვე აღვნიშნავ, რომ მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და მისი ლიდერთა ნაწილიც უპირისპირდებოდა ეკლესიის ფუნდამენტალისტურ მიმართულებას. მიუხედავად ამისა, მაშინ კობახიძის წერილს სათანადო ყურადღება არ დაეთმო, რადგან მის წინააღმდეგ იყო ერისა და ბერის უმრავლესობა.
დღეს, თითქმის იგივე შინაარსის წერილს, რომელიც დაკავებულმა მამა გიორგი მამალაძემ გაუგზავნა პატრიარქს, სერიოზული გაგრძელება მოჰყვა და საპატრიარქოში დაპირისპირებები დაიწყო. მამა გიორგი მამალაძე, როგორც ჩანს, თავის წერილში ისეთ დეტალებს ეხება, რომ მავანნი გაღიზიანდნენ და შიდადაპირისპირებამ ყველაფერი სააშკარაოზე გამოიტანა. წერილში მთავარი მესიჯი არის ქონება, ბიზნესი და საერთო ბიზნეს-ინტერესები საპატრიარქოს მესვეურებსა და საერო გარე პერსონებს შორის.
ციანიდის საქმეში, დღეს მთავარი აქცენტი კეთდება მკვლელობის შესაძლო მომზადებაზე და ალბათ ასეც უნდა იყოს, რადგან საუბრები იყო პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციაზე, მაგრამ არავინ ამახვილებს ყურადღებას იმაზე თუ რეალურად ვის და ვის შორის იყო დაპირისპირება, რომელი მხარეები იყვნენ დაპირისპირებულები და სად გაჩნდა ის ნაპერწკალი, რომელმაც ამხელა ხანძარი გამოიწვია.
მივყვეთ ლოგიკას: თავდაპირველად, პროკურატურა მოწმეზე დაყრდნობით აანონსებს, რომ საუბარი იყო მაღალი სასულიერო პირის შესაძლო ლიკვიდაციაზე ე.წ. ციანიდით. თუმცა, ბრალდებაში უწყება წერს, რომ საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერატის შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილ მკვლელობაზე. ერთი ფაქტია, რომ პროკურატურამ თავისი არაპროფესიონალიზმით, როცა გამოძიების დეტალები გამოამზეურა, ნებსით თუ უნებლიეთ მინისტრთა კაბინეტის წევრები და ზოგადად ხელისუფლება აიძულა დაერღვიათ უდანაშაულობის პრეზუმცია. „ჩვენ თავიდან ავიცილეთ დიდი ტრგედია“ – ეს ფრაზა, რომელიც პრემიერის მხრიდანაც კი გაჟღერდა, ავტომატურად ნიშნავს, რომ აპრიორი მზადდებოდა თავდასხმა და დაკავებული შესაძლო დამნაშავეა.
პროკურატურის არაპროფესიონალიზმი იკვეთება ასევე მის შემდეგ მოქმედებებშიც, სადაც აშკარად ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ პროკურატურა წინასწარი შემუშავებული გეგმით მოქმედებს. აი რატომ: უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე თავის თითქმის ყველა გამოსვლაში აშკარად იჭერს პროკურატურის პოზიციას. პატრიარქის დაცვის ყოფილი შეფი სოსო ოხანაშვილი ამბობს, რომ კაკაბაძე არის შორენა თეთრუაშვილის მეგობარი და მას ხშირად ხედავდა საპატრიარქოში. მარტივი, გონივრული ლოგიკიდან გამომდინარე, შორენა თეთრუაშვილი ავტომატურად პროკურატურის ინტერესების დამცველი გამოდის. ამასთან უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორიც: პატრიარქი უარს ამბობს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრაზე. ყველას გვახსოვს იმდროინდელი საუბრები, რომ მას გარკვეულმა პერსონებმა დააჯერეს პატრიარქი, რომ დეკანოზთან შეხვედრა მიზანშეწონილი არ იყო. აქაც ძალიან მარტივი ლოგიკაა საჭირო იმისთვის, რომ გაჩნდეს ეჭვი და ვერსია, ვის შეიძლება ემუშავა იმაზე, რომ პატრიარქი დეკანოზს არ შეხვედროდა – პროკურატურას, შორენა თეთრუაშვილს თუ ორივეს ერთად?
პროკურატურა, რბილად რომ ვთქვათ, არაკეთილსინდისიერი წესებით, ხოლო უხეშად, ბინძურად მოქმედებს – მორიგი ფაქტი: პროკურატურას სინოდთან მიაქვს ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები და აჩვენებს მათ ყველა იმ მასალას, რომელიც გამოძიების მსვლელობისთვის მნიშვნელოვანია. თან, გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე აწერინებს ხელს მეორე მხარეს მონაწილე თითქმის ყველა პერსონას, რაც აშკარად იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა ცალკარას თამაშობს ისე, რომ შანსს არ უტოვებს მეორე მხარეს. უფრო მეტიც, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ პროკურატურა ცდილობს მსხვილი ინსტიტუტი, საპატრიარქოს სახით, ჩააბას გამოძიების პროცესში და აქციოს ის დაინტერესებულ მხარედ და წინასწარვე შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ მამა გიორგი მამალაძე დამნაშავეა.
რა ხდება მეორე მხარეს, ანუ რა შანსები რჩება დაკავებულ დეკანოზს და მის დამცველებს? გაუთქმელობის ხელშეკრულებას დათანხმებული ადვოკატები დუმან. მესამე ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ეულად იბრძვის და მას პროკურატურა საქმეში არ ახედებს. გიორგი მამალაძის მეგობარი, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი, მიუხედავად იმისა რომ თავისი ნებით წავიდა პოსტიდან, აშკარად მოიშორეს. მნიშვნელოვანი ფაქტორია, როცა ოხანაშვილი ამბობს, რომ წლების განმავლობაში ის დაპირისპირებული იყო შორენა თეთრუაშვილთან. მას საპატრიარქოს „რუხ კარდინალთან“ სახარბიელო ურთიერთობა არც ბოლო დღეებში ჰქონია.
ამას ადასტურებს ისიც, რომ დეკანოზის დაკავებამდე დაახლოებით 1 თვის ადრე, ერთ-ერთ რესტორანში შეხვედრა შედგა ოხანაშვილს, გიორგი მამალაძესა და „ოქროს მოწმედ“ წოდებულ, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს შორის. სავარაუდოა, ირაკლი მამალაძეს ეს შეხვედრა ფარულად ჰქონდეს ჩაწერილი, რომელიც პროკურატურას საქმეში უდევს. ოხანაშვილი არ მალავს, რომ ამ შეხვედრაზე ის ვიღაცას აგინებს. გონივრული ეჭვი არსებობს, რომ მისი ობიექტი ამ შემთხვევაში შორენა თეთრუაშვილია. ასეთი კომენტარით ოხანაშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დაპირისპირება თეთრუაშვილსა და მას შორის (ისევე როგორც მის მეგობარ დეკანოზთან) უკვე კარგა ხანია არსებობს.
ასეთი ლოგიკური ჯაჭვების და საღი ანალიზის მიხედვით, იკვეთება ორი აშკარად დაპირისპირებული მხარე. ანუ ზუსტად ეს არის ის ნაპერწკალი, საიდანაც მოგვიანებით დიდი ცეცხლი გაჩნდა. რამ გააღიზიანა შორენა თეთრუაშვილი და რა იყო გიორგი მამალაძესთან დაპირისპირების მიზეზი რთული დასადგენი ნამდვილად არ იქნება, თუკი დეკანოზის წერილს გავიხსენებთ, რომელიც საპატრიარქოში არსებულ ხარვეზებზე და ბიზნეს-ინტერსებზე წერს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე განტევების ვაცია და აშკარაა, რომ ვიღაცას მისი მოცილება სურდა. მისი დაკითხვა ყველაფერს მოჰფენს ნათელს, მაგრამ ფაქტია, რომ შხამიანი ნივთიერება ციანიდის საქმეში არსებობა საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს. ვის ვისი მოწამვლა უნდოდა და თანაც ასეთი ბანალური მეთოდით, ცოტა არ იყოს თეთრი ძაფით შეკერილ საქმეს ჰგავს.
ერთი შეიძლება დანამდვილებით ითქვას – ასეთი დაპირისპირების ფონზე, თუკი ვინმეს არ აწყობდა პატრიარქის მოცილება ეს იყო დეკანოზი გიორგი მამალაძე და აი, რატომ – თუკი დეკანოზი მოიცილებდა პატრიარქს, მის შემცვლელად მოვიდოდა ადამიანი, რომლის გარემოცვასთან დაპირისპირებული იყო დეკანოზი. ალოგიკურია… მითუმეტეს, რომ გიორგი მამალაძის მიმართ თავად პატრიარქს სიმპათიები ჰქონდა და ამას ბევრი ამბობს.
ისმის კითხვა, ვის და რაში დასჭირდა საუბარი პატრიარქის შესაძლო მოწამვლაზე? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემით, პასუხი გაეცემა მეორე კითხვასაც – რატომ და რაში ემთხვევა დღეს შორენა თეთრუაშვილისა და პროკურატურის ინტერესები?
ფაქტია, რომ საპატრიარქოში დეკანოზის მოცილება იმ ადამიანების ინტერესებში შედიოდა, რომლებსაც საცეცები ღრმად აქვთ საპატრიარქოსთან არსებულ ბიზნეს-რესურსებში, რაზეც დეტალურად წერდა მამა გიორგი თავის წერილში. მისი მოცილება ხელ-ფეხს გაუხსნიდა იმათ, რომლებიც დღემდე წარმატებით ითბობენ ხელს მატერიალური კეთილდღეობის მიღების საქმეში. რაც შეეხება პროკურატურის და მის უკან მდგომი ძალების ინტერესებს, ნაპერწკლიდან წარმოშობილი ცეცხლით შესაძლოა მარტივად ესარგებლათ ზუსტად ამ უწყების უკან მდგომ ძალებს, რომელთა ინტერესებში უკვე კარგა ხანია შედის პატრიარქის ტახტი და მათთვის მისაღები მემკვიდრისთვის ამ ადგილის გამოთავისუფლება.
ინტერესთა თანხვედრა სახეზეა… ტახტი, ძალაუფლება, ფინანსები…
გენო ჯოხიძე