შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ცხინვალის იზოლატორიდან გუშინ გათავისუფლებული ამირან გუგუტიშვილი მოინახულა, რომელსაც მკურნალობა კლინიკა „გორმედში“ უტარდება. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. ქეთევან ციხელშვილი გუგუტიშვილის ოჯახის წევრებს და მკურნალს ექიმებს ესაუბრა:
„ექიმებმა განმიცხადეს, რომ ამირან გუგუტიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია და მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. აქ მოსვლით ჩემი მხარდაჭერა გამოვხატე მის მიმართ, მისი ოჯახის მიმართ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ადგილობრივების უკანონო დაკავება, მით უმეტეს, როდესაც ადამიანი ხანშიშესულია და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. იგი საკუთარ ნაკვეთში იმყოფებოდა საყოფაცხოვრებო მიზნებით, როდესაც უკანონოდ დააკავეს. რაც შეეხება გუგუტიშვილის დაზიანებების მიღების გარემოებებს, ჩანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც უფრო ნათელ სურათს მოგვცემს. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ის, რომ ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვდრაზე 2 მარტს ერგნეთში, რამდენადაც ფაქტია ის, რომ ეს ადამიანი იყო უკანონოდ დაკავებული და ამ პერიოდში გაუჩნდა გარკვეული ფიზიკური დაზიანებები“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტების მიერ გატაცებული სოფელ კოშკას მკვიდრი, 69 წლის ამირან გუგუტიშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
ამირან გუგუტიშვილი, ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთში ჯარიმის გადახდის შემდეგ გადასცეს.
გუგუტიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კლინიკა „გორმედშია“ მოთავსებული.
კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის უფროსის მერაბ მაისურაძის განცხადებით, პაციენტი ცხინვალის იზოლატორიდან ტვინის შერყევით და სხეულის დაჟეჟილობით მოიყვანეს.
ამირან გუგუტიშვილი რამდენიმე დღის წინ , ფიჩხის შეგროვების დროს, საკუთარ ბაღში დააკავეს. მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა ედებოდა.