ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს ადაპტირებული ტრანსპორტი გადაეცათ

თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ადაპტირებული ტრანსპორტით უზრუნველყოფას აგრძელებს, -ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია:

„ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიამ დამატებით ოთხი ახალი ადაპტირებული მიკროავტობუსი შეიძინა. დედაქალაქის მერიამ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, 11 საჯარო სკოლა შეარჩია, რომლებსაც აღნიშნული მიკროავტობუსები მოემსახურება. ადაპტირებული ტრანსპორტით, თბილისში ამ ეტაპზე სულ 50 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე სარგებლობს.

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების დამოუკიდებელ და უსაფრთხო გადაადგილებასა და სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართულობას.

დღეს ადაპტირებული ტრანსპორტი მე-60 საჯარო სკოლას გადაეცა. მიკროავტობუსების გადაცემის პროცესს სკოლაში თბილისის მერი დავით ნარმანია, მისი მოადგილე ნინა ხატისკაცი და მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა დაესწრნენ. თბილისის მერის თქმით, სკოლებს 4 ახალი ადაპტირებული მიკროავტობუსი გადაეცათ და დედაქალაქის მერია დამატებით კიდევ 2 მიკროავტობუსის შეძენას გეგმავს. დავით ნარმანიას თქმით, მიკროავტობუსების ტრანსპორტირებისა და ექსპლუატაციის ხარჯებს თბილისის მერია სრულად უზრუნველყოფს.

„გასულ წელს, სკოლებს ჩვენ 2 ადაპტირებული მიკროავტობუსი გადავეცით. წელს შევიძინეთ 4 და კიდევ 2 მიკროავტობუსის შეძენას ვგეგმავთ, რათა მთლიანად იყოს ის საჭიროება უზრუნველყოფილი, რაც ქალაქში ამ თვალსაზრისით არსებობს. მიკროავტობუსები მოემსახურებათ, როგორც სპეციალური საჭიროების მქონე სკოლის მოსწავლეებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც მერიის პარასპორტულ ცენტრში ვარჯიშობენ. ამდენად, როგორც საგანმანათლებლო თვალსაზრისით, ასევე ცხოვრების ჯანსაღი წესის უზრუნველყოფის მიზნით მსგავსი სატრანსპორტო საშუალებების შეძენა ძალიან მნიშვნელოვანია“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.”

 

 

იტვირთბა....