მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი ერთხელ უკვე დაიკითხა და მისი დაკითხვა შესაძლოა, საჭირო კიდევ გახდეს, -ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ განაცხადა.
კითხვაზე – მოსალოდნელია თუ არა ოხანაშვილის დაკავება, გოგაძე პასუხობს, რომ გამოძიების პროცესში არავის დაკავება არ არის გამორიცხული.
“ზოგადად ვსაუბრობ და არა – ოხანაშვილზე. ნებისმიერი პირის მიმართ, ვისზეც მტკიცებულებებით დადგინდება, რომ მათ დანაშაულში ბრალი მიუძღვით, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება”, – განაცხადა გოგაძემ.
მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით, დეკანოზი გიორგი მამალაძეა დაკავებული. იგი ე.წ. მატროსოვის ციხეშია მოთავსებული, სადაც ადვოკატები და პროკურატურის წარმომადგენლები დილიდან იმყოფებიან.