თბილისში კალოუბნის ქუჩაზე მომხდარ საზარელ შემთხვევას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. 25 წლის ანა ლომაშვილი, ფონდ “ერთიანობის” ვიცე-პრეზიდენტი, ყოფილი ქმრის სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება ამჟამად თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, რადგან ექსპერტებმა სუიციდის ფაქტი დააფიქსირეს.
როგორც ლომაშვილის ყოფილი ქმარი აცხადებს, გარდაცვლილი მან იპოვა კვირას ღამით. შაბათ-კვირას ყოფილ ცოლს ბავშვი ყოფილ ქმართან მიჰყავდა ხოლმე, რომ ერთმანეთი ენახათ. ამ შაბათ-კვირასაც მიიყვანა, თუმცა კვირას შუა ღამის 2 საათზე ქმარმა გარდაცვლილი იპოვა. ჩათვალეს, რომ თავი მოიკლა.
ამ ვერსიის არ სჯერათ ოჯახის ახლობლებს, გოგონას ნათლიას, რომელთანაც ანა ქმართან გაშორების შემდეგ ცხოვრობდა და მის თანამშრომლებს, რომლებსაც ხშირად უნახავთ ქმრის მიერ ნაცემი და დასისხლიანებული გოგონა და ბევრჯერ ურჩევიათ, სამართალდამცველებისთვის მიემართა, რაზეც მისგან უარს იღებდნენ. მათ ცხედარიც ნახეს და ამბობენ, რომ გოგონას ძალადობის კვალი აქვს, ხოლო იმ ნივთის ნაკვალევი, რომლითაც თითქოს თავი მოიკლა, არსად არ აღენიშნება.
მათი ვერსიით, ანა ან მოკლულია, ან მორიგი ძალადობის შემდეგ მოიკლა თავი. ისინი ანას ქმრის გასამართლებას მოითხოვენ და საქმის დეტალურ გამოძიებას.
როგორც ფონდ „ერთიანობის“ იურიდიული სამსახურის უფროსმა ზვიად კვირიკაძემ ტელეკომპანია “ობიექტივთან” ისაუბრა, ლომაშვილი ქმართან გასული წლის სექტემბრის შემდეგ აღარ ცხოვრობდა: „ამ გოგოს ქმართან მიჰყავდა შაბათ-კვირას 4 წლის ვაჟი სანახავად, ამ შაბათსაც მიიყვანა მამასთან. ქმარი ამბობს, მე და ბავშვს გვეძინა და აბანოში რომ შევედი, ვნახე გარდაცვლილიო, მისი თქმით, თავი მოიკლა. ჩვენ მისი არ გვჯერა, ჩვენ გვგონია, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. მას ძალადობის ნიშნებიც ეტყობა… შემთხვევის დროს ოჯახში არავინ იმყოფებოდა, მეუღლის და ბავშვის გარდა. ანი და მისი ყოფილი მეუღლე ხშირად ჩხუბობდნენ, ანი ხშირად ამბობდა ქმარი მომკლავსო… სამძიმარზეც არ მიგვიშვეს, რომ არ გვენახა ცხედარი კიდევ ერთხელ, შუბლზე კი თავსაფარი წააკრეს, რომ ძალადობის კვალი არ გამოჩნდეს”.
ახლობლების თქმის, ბავშვიც ამბობს, რომ დედ-მამამ იმ დღეს ფულის გამო იჩხუბა – ყოფილი ქმარი ანას ფულს სთხოვდა…”
შემთხვევეის დეტალებს, ბუნებრივია,გამოძიება დაადგენს. რაც შეეხება ქალზე ოჯახში ძალადობის ზოგად სტატისტიკას საქართველოში, ქალთა საკონსულტაციო ცენტრის” თავმჯდომარეს რუსუდან ვაშაკიძის თქმით, – ამ საკითხთან დაკავშირებული ყველაზე კარგი მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. თუმცა, დაფიქსირებულ შემთხვევებთან შედარებით, რეალური მაჩვენებელი გაცილებით დიდია, თუნდაც იმიტომ, რომ ხშირად ამის შესახებ ხმამაღლა არ ლაპარაკობენ და პრობლემა პრობლემად რჩება.
გარდაცვლილის ფოტო ახლობლების ნებართვით ქვეყნდება.
წყარო: mshoblebi.ge