ბუნებრივი აირი შესაძლოა ზაფხულიდან გაძვირდეს. ინფორმაციას ექსპერტები, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და შესაბამისი კომპანიები ავრცელებენ. ამავდროულად, სემეკში ახალი სატარიფო განაცხადების განხილვა იწყება:
„კომისია იწყებს ბუნებრივი გაზის სექტორის სატარიფო რეგულირებას. ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფები 2005 წლის შემდეგ არ გადათვლილა, ეს დიდი პერიოდია, ამ პერიოდის განმავლობაში მოხდა ძალიან ბევრი ცვლილება ამ სექტორში, შემოვიდნენ ახალი მოთამაშეები, განხორციელდა ახალი ინვესტიციები, მოხდა კომპანიების გამსხვილება, შესაბამისად, მარეგულირებელი კომისია პროცესების, გარემოებების გათვალისწინებით სატარიფო რეგულირებას იწყებს ამ სექტორში,“ – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, გოჩა შონიამ, რომლის თქმითვე, ვალუტის კურსის ცვლილება ტარიფებზეც ისახება.
ექსპერტის, სოსო ცისკარიშვილის თქმით, მას ინფორმაცია აქვს “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლებისგან, რომ გაზაფხულზე ფასები მოიმატებს:
„არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს იდეა აზერბაიჯანში დაიბადა, რადგან ისეთი აქტიური ძებნა რაიმე შემოსავლისა ბიუჯეტში, შეიძლება არც მივიდეს ეს მომატებული თანხა გამყიდველისთვის აზერბაიჯანში. ხელისუფლების გარეშე ასეთ ინიციატივას ვერავინ განახორციელებს,“ – განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა “რუსთავი 2”-თან.
აღსანიშნავია, რომ სემეკი არ ადასტურებს ტარიფების ზრდას, თუმცა-არც უარყოფენ.