ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რა ხდებოდა საპატრიარქოში: „პატრიარქი თავყრილობას ხელმძღვანელობს“

 

„პატრიარქი ხელმძღვანელობს ამ ძალიან მნიშვნელოვან თავყრილობას“- ამის შესახებ საპატრიარქოდან გამოსულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ის პატრიარქთან ერთად შეხვდა მეუფეებს.

„იყო ძალიან ღია და საინტერესო დისკურსია  იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეკლესიასთან მიმართებაში ვითარდება. მინდა გითხრათ  შემდეგი – პატრიარქი ხელმძღვანელობს ამ ძალიან მნიშვნელოვან თავყრილობას, პატრიარქი და მეუფეები ძალიან  ღიად საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ, ეს არის თათბირი, სადაც ყველას აქვს განსხვავებული აზრის და დისკურსიის შესაძლებლობა. ძალიან საინტერესო თათბირია, რადგან ასეთი ღიაობა, დემოკრატიულობა, ერთმანეთის აზრის მიღება თავისთავად კარგი დასანახია. პოლიტიკოსებიც კარგი იქნებოდა, ასე ღიად რომ ვსაუბრობდეთ.

ჩემი აზრით, შეჯამება ამ საუბრის მდგომარეობს შემდეგში, – ჩვენ უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა დააფიქსიროს, ამტკიცოს თავისი სიმართლე ან თავისი ვერსია. ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართალდამცველ სტრუქტურებს, აკეთონ თავისი საქმე პოლიტიკური ჩარევების გარეშე და ამ პროცესის ღიაობით, გამჭირვალეობით, შეჯიბრებითობით. მე მინდა, შევახსენო ყველას, რომ დღეს შეჯიბრებითობა და უდანაშაულობის პრეზუმცია საქართველოში დარღვეულია და მამა გიორგის, მის ადვოკატებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა თავის სიმართლე გააცნონ საზოგადოებას, რადგან ჩვენ ყველანი ამაზე ვსაუბრობთ. ამ პრინციპით, ჩვენ გადავლახავთ ყველაფერს და მივალთ ჭეშმარიტ პასუხებამდე“- განაცხადა პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, პატრიარქი ჩართულია ყველა რთული საკითხის განხილვაში და ეს არის დიალოგი, სადაც პატრიარქი იღებს ყველა ინფორმაციას ყველა მხრიდან.

„მე არ შევდივარ გამოძიების დეტალებში. ეს არის არაჯანმრთელი პოზიცია, როდესაც ერთი მხარე საუბრობს და მეორეს არ აქვს თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა“- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საპატრიარქოში შეხვედრა, რომელსაც სასულიერო პირები პატრიარქთან ერთად ესწრებოდნენ და დეკანოზ მამალაძის საკითხს განიხილავდნენ,  დასრულდა. სასულიერო პირების ნაწილის განცხადებით, საქმე ეხება ეკლესიისთვის ავტორიტეტის შელახვის მცდელობას.

შეგახსენებთ, მამა გიორგი მამალაძე კვლავ ჩაფიძის გულის კლინიკაში იმყოფება, სადაც სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებიდან გადაიყვანეს.

ცნობისთვის, მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.

მისმა ახალმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი წაყენებული აქვს პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მიმართ.

 

იტვირთბა....