ცოტა ხნის წინ “მეტრონომმა” მკითხველს შესთავაზა თბილისის მერის და მისი მოადგილეების ქონებრივი დეკლარაცია, საჯარო სამსახურის ბიუროდან, სადაც ასახულია, რომ მერის მოადგილეებს გაცილებით მეტი ხელფასი აქვთ ვიდრე თავად დედაქალაქის მერ დავით ნარმანიას.
კერძოდ, დეკლარაციის თანახმად, მერის წლიური ხელფასი 19 080 ლარია, როცა 2015 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მისი წლიური ხელფასი 15 741 ლარს შეადგენდა. მის მოადგილე, ნინო ხატისკაცს კი მერის მოადგილედ მუშაობის პერიოდში ერთი წლის განმავლობაში 79 275.00 ლარი აქვს აღებული, რაც ქალაქის მერის ხელფასს 4 ჯერ აღემატება.
სააგენტო on.ge-მ თბილისის მერიიდან გამოითხოვა საჯარო იფორმაცია, სადაც აღმოჩნდა, რომ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დეკლარაცია არასწორად შეავსო. ნარმანიამ თბილისის მერად მუშაობის დროს 2015 წელს 38 160 ლარი გამოიმუშავა, თუმცა, დეკლარაციაში მხოლოდ ნახევარი – 19 080 ლარი მიუთითა. თბილისის მერიის პრესსამსახური შეცდომას ტექნიკური პრობლემას უწოდებენ.
On.ge-ს მიერ თბილისის მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ნარმანიამ თბილისის მერად მუშაობის დროს, 2014-2016 წლებში, სულ 92 061 ლარი გამოიმუშავა. მას ამ დროის განმავლობაში პრემია და დანამატი არ აუღია.
თბილისის მერმა დეკლარაცია ბოლოს 2016 წლის 27 ივნისს შეავსო. ამ დეკლარაციით ირკვევა, რომ 2015 წელს მან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობაზე მუშაობით 10 800 ლარი გამოიმუშავა. მისი ცოლის – თინათინ თინიკაშვილის ხელფასი კი 2 640 ლარი იყო. მერმა 2015 წელს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით 12 ათასი ლარი მიიღო.
2015 წლის შევსებული დეკლარაციით კი ირკვევა, რომ მისი შემოსავალი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 27 207 ლარი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან კი, სადაც ის მინისტრის თანამდებობას იკავებდა – 21 711 ლარი იყო. 2014 წელსაც, 2015-ის მსგავსად, 12 ათასი ლარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავალია. ამ პერიოდში მისი ცოლის ხელფასი 5 775 ლარი იყო.
რაც შეეხება მერისა და მისი ოჯახის სხვა ფინანსებს, 2016 წლის 27 ივნისის მდგომარეობით, ანგარიშზე 20 642 ლარი, 42 ევრო და 362 ამერიკული დოლარი ერიცხებოდა და ნაღდი ფულის სახით 900 ამერიკული დოლარი და 250 ევრო ჰქონდა. მის ცოლს კი ანგარიშზე 800 ლარი ერიცხებოდა.
მერის სახელზეა რეგისტრირებული ბინა თბილისში (97 მ2) და მიწის ნაკვეთი ზუგდიდში (5 000 მ2). მას ჰყავს ცოლი და სამი შვილი – კონსტანტინე, ილია დენისი და ელენე ნარმანიები.