ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

“ჯანდაცვის ბიუჯეტიდან მილიონს მოიხმარს სადაზღვევო კომპანიები”: რატომ იმიჯნებიან ჯანდაცვის პროგრამიდან კერძო დაზღვევის მქონე პირები

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე,  სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამიდან კერძო დაზღვევის მქონე პირების გამიჯვნას შეეხო:

”2013 წელს მიღებული იყო გადაწყვეტილება, როცა კერძო დაზღვევის მონაწილეები გაემიჯნენ საყოველთაო დაზღვევის მონაწილეებს და უკვე შეიქმნა მოძველებული ბაზა. მაშინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ სადაზღვევო კომპანიებს მთავრობისთვის უნდა წარედგინათ 2013 წლამდე არსებული ბაზები, თუმცა ეს არ მოხდა. 2013 წლის შემდეგ უკვე შეიცვალა ძალიან ბევრი რამ. ადამიანების ნაწილმა დაკარგა კერძო დაზღვევა და ვეღარ გახდა საყოველთაო დაზღვევის მონაწილე. რეალურად ისინი არიან დისკრიმინებული ადამიანები და ამ ყველაფრის მიზანი განუახლებელი ბაზები იყო. თუმცა არსებობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ კერძო დაზღვევა და გახდნენ საყოველთაო დაზღვევის მონაწილეები. შემდგომ შეიძინეს კერძო დაზღვევა და ორივე ფინანსური უზრუნველყოფა გააჩნდათ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სადაზღვევო კომპანიებს ჩვენთვის უნდა მოეწოდებინათ განახლებული ბაზები. ჩვენ მათ მივმართავდით თხოვნით, წერილობით, ყველანაირი ფორმით, თუმცა განახლებული ბაზები არ მოგვაწოდეს. ჩვენი გათვლით, არსებული ნაკლებად გამჭვირვალე სისტემის ხარჯზე ყოველთვიურად სახელმწიფო ბიუჯეტის, ანუ ჯანდაცვის ბიუჯეტიდან მილიონს მოიხმარს სადაზღვევო კომპანიები. ვვარაუდობთ, რომ ეს თანხა ზოგიერთი კომპანიის ანგარიშზე მიდის. ახლა კი, როცა სადაზღვევო ინდუსტრიის ზოგიერთი წარმომადგენელი დეკლარირებს, რომ უნდა მსჯელობა და საკითხის განხილვა, სინამდვილეში ეს არის დროის გაყვანის მცდელობა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

დავით სერგეენკოს თქმით,  მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეიცვლება და სადაზღვევო კომპანიებს ”შეუძლიათ ეს საკითხი დაივიწყონ”. მისივე განმარტებით, მთავრობის დადგენილებით, სადაზღვევო კომპანიებს მიეცათ დავალება, რომ განახლებული ბაზები წარადგინონ 2017 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, ხოლო  ბაზების წარდგენის ბოლო ვადა 23 თებერვალია. 

სადაზღვევო ინდუსტრია კი მთავრობის  დადგენილების შეჩერებას ითხოვს, რომლითაც კერძო დაზღვეულების სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებიდან გამიჯვნა ხდება.
შეგახსენებთ, რომ ამ თემის შესახებ “მეტრონომმა” გამოაქვეყნა სტატია სათაურით “კერძო დაზღვევის პაკეტი მცირდება, ფასი კი იზრდება: რა გავლენას ახდენს ჯანდაცვის ახალი პროგრამა“.

იტვირთბა....