ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“უკვე მეორედ ართმევენ ქიბარ ხალვაშს ტელევიზიას”: ადვოკატი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

“რუსთავი 2″–ის საქმესთან დაკავშირებით, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

“მეორე წელია მიმდინარეობს სამართლებრივი დავა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″-ის წილებთან დაკავშირებით. მეორე წელია უშედეგოდ ვცდილობთ გავარღვიოთ მაინკიერი წრე და შევცვალოთ ის ორუელისეული მოცემულობა, როდესაც მოძალადეს – მსხვერპლი, ექსპროპრიატორს – მოწყალე, ხოლო ცილისმწამებელსა და დეზინფორმატორს – თავისუფალი სიტყვისთვის მებრძოლი ჰქვია.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოთმინებით, მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით ვცდილობთ ჩვენი სიმართლის დამტკცებას, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლამ, შანტაჟმა და, როგორც უკანასკნელი მოვლენებიდან ირკვევა, მოსყიდვის მცდელობებმა არნახული მასშტაბები შეიძინა და წართმეულის შესანარჩუნებლად ყველა ხერხის გამოყენება მისაღები გახდა.

მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ საქმე სამართლებრივი თვალსაზრისით არ არის რთული კატეგორიის და აღნიშნულის დადასტურებას პერიოდულად არც ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე ერიდებოდა. მაშინ, როდესაც ორი ინსტანციის სასამართლოში დამაჯერებელ წარმატებას მივაღწიეთ, სრული მოლოდინი გვქონდა, რომ უზენაესი სასამართლო დაუშვებლად ცნობდა საკაცასიო საჩივრებს და ქიბარ ხალვაშის დარღვეული უფლებები აღდგებოდა, მაგრამ სამმა მოსამართლემ არ მიიღო საქმეზე არსებითი გადაწყვეტილება და იგი განსახილველად დიდ პალატას გადასცა.

იმ პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარე უსაფუძვლოდ გვდებდა ბრალს, თითქოს სასამართლოსთან უკანონო კომუნიკაციაში ვიმყოფებოდით, ყველამ თვალსაჩინოდ ვნახეთ, რომ ნიკა გვარამია, რომელიც პროცესის მონაწილე მხარეს წარმოადგენს, თავად იყო პირდაპირ კომუნიკაციაში საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან და მას რუსთავი 2-ის საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების ლობირებასა და პოლიტიკური პროვოკაციების განხორციელებას თხოვდა.

ნამდვილად არ ვიცი, ანგარებით არის ნაკარნახევი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ეს უკიდურესად საეჭვო გადაწყვეტილება თუ მათზე განხორციელებილი ფსიქოლოგიური ტერორის შედეგია. მეტსაც გეტყვით – გვარამია-ახვლედიანის ეპიზოდისგან განსხვავებით, უზენაესი სასამართლოს კოლეგიის მოტივაციის დადგენა არ მჭირდება, რადგან მთავარი მტკიცებულება ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, საკუთრივ ის 140-გვერდიანი, ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტაციით დახუნძლული განჩინებაა, რომელიც საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მაგივრად შემოგვთავაზა სასამართლომ და რომლის სულისკვეთება აპრიორი გამორიცხავს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება სამართლებრივ არგუმენტებზე დაყრდნობით, მიუკერძოებლად და შინაგანი რწმენის კარნახით მიიღო სასამართლო კოლეგიამ.

აი, ასე – თვალსა და ხელს შუა, უკვე მეორედ ართმევენ ქიბარ ხალვაშს ტელევიზიას და თუ სასამართლო მოექცა ზეგავლენის ქვეშ, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს, ეს არამარტო ამ კონკრეტული საქმისთვის იქნება საზიანო, არამედ საბოლოოდ დაასამარებს სამართლიანობის აღდგენის იდეას. სასამართლომ არ უნდა დაუშვას მის საქმიანობაში უკანონო ჩარევა და არ უნდა იქცეს ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლად. სასამართლომ არ უნდა დაუშვას უკანონობის დაკანონება ქვეყანაში”.-ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....