დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხეში “საიას” ადვოკატმა ლევან ვეფხვაძემ მოინახულა. როგორც ვეფხვაძემ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მამა გიორგი “საია”-ს ხელმძღვანელთან, ანა ნაცლიშვილთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს:
“დეკანოზმა აღნიშნა, რომ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყენებს დუმილის უფლებას არა იმიტომ, რომ რამე აქვს დასამალი, არამედ იმიტომ, რომ მას სჭირდება შესაბამისი კურთხევა. როგორც კი მიიღებს კურთხევას, მზად არის ყველაფერს მოჰფინოს ნათელი. გარდა ამისა, მან მზაობა გამოხატა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ჩაერთოს ამ საქმეში და მას სურვილი აქვს საია-ს თავმჯდომარეს ანა ნაცვლიშვილთან შეხვედრის”, – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
საია-ს წარმომადგენლის განცხადებით, დეკანოზი კვლავ ითხოვს მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას.
“დეკანოზმა კიდევ ერთხელ გააჟღერა, რომ სურს მისი ოჯახის უსაფრთხოება იყოს მაღალ დონეზე აყვანილი. კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან ისევ შეიკავა თავი, რადგანაც პროკურატურიდან ჯერაც არის გაუთქმელობის დავალდებულება, რაზეც ჩვენი ორგანიზაცია ფიქრობს, რომ ეს არღვევს თანასწორობის პრინციპს – საზოგადოებაში მუსირებს აზრი მხოლოდ ბრალდების მხარის და ჩვენ ვერაფერს ვიგებთ დაცვის მხარისგან. სწორი იქნება, თუ პროკურატურა დაცვის მხარეს მისცემს საშუალებას, გაამახვილოს ყურადღება საქმის მასალებსა და დეტალებზე.
ბატონი შოთაძის განცხადებიდან არ იკვეთებოდა, რომ საუბარი იყო პატრიარქზე. უმაღლესი იერარქიის პირზე საუბრისას მოიაზრება მხოლოდ სასულიერო პირი, ამიტომაც არის საჭირო, ადვოკატებს მიეცეთ საშუალება ისაუბრონ, არის თუ არა ბრალის ნაწილში სასულიერო პირზე საუბარი”, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზ მამალაძეს პროკურატურის მხრიდან ბრალი მაღალი სასულერო იერარქიის პირის მკვლელობის მცდელობისთვის წაეყენა.