სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი-2”-ის ჟურნალისტი ნოდარ მელაძე ირაკლი მამალაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ “რუსთავი-2”-მა წყაროს გაუთქმელობის სტანდარტი დაარღვია, როცა “არჩევანში” გააჟღერა, რომ დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ფარულად სწორედ ირაკლი მამალაძემ ჩაიწერა.
“ირაკლი მამალაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის წარმოადგენდა “რუსთავი 2”-ის წყაროს და ჩვენ ის გავთქვით არის სრული დეზინფორმაცია. ირაკლი მამალაძეს დავუკავშირდით ჩვენ, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ის იყო საქმეში ერთ ერთი მთავარი მოწმე და ვთხოვეთ ინტერვიუ, რაზეც გვითხრა უარი, თუმცა იქვე არ გამორიცხა ამ თემაზე ესაუბრა მოგვაინებით, ჩვენი პასუხი იყო, რომ მისი ჩვენების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ არხის სხვა ჟურნალისტებსაც და ეს ინფორმაცია მაინც გაიჟღერებდა.
“რუსთავი 2”-ი წყაროს არასდროს გათქვამს და ეს უამრავმა ადამიანმა, მათ შორის ირაკლი მამალაძემაც იცის. ჩვენს წყაროს, მას ვინც გვიამბო “ციანიდის საქმის” შესახებ კონფიდენციალურობის დაცვა გარანტირებული აქვს და თავადაც იცის ამის შესახებ. ირაკლი მამალაძე ვერ იქნებოდა ჩვენი ინფორმატორი ამ შემთხვევაში, რადგან მის ინტერესში არ შედიოდა, ამ ამბის გახმაურება”, – აღნიშნავს ნოდარ მელაძე.