მამა გიორგი მამალაძე ადასტურებს, რომ სკანდალურ წერილში მოყვანილი ფაქტების შესახებ პატრიარქს ინფორმაცია ნამდვილად მიაწოდა. ის ამის შესახებ ინფორმაციას ციხიდან ადვოკატის დახმარებით ავრცელებს.
როგორც მამა გიორგი აღნიშნავს, ის წერილებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, 2015 წლიდან უგზავნიდა. ამის შესახებ „რუსთავი 2“-ს ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა.
ადვოკატმა გიორგი მამალაძემ „რუსთავი2“-ს განუცხადა, რომ დღეს შეხვდა პატიმრობაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძეს და წერილის შესახებ ჰკითხა. ადვოკატის ინფორმაციით, წერილის სრულ შინაარსს, რომელიც „რუსთავი2“-მა გაახმაურა, ის ვერ გაეცნო, თუმცა დაადასტურა, რომ წერილში მოყვანილი ფაქტების შესახებ მან პატრიარქის ინფორმირება რამდენჯერმე მოახდინა. უფრო მეტიც, დეკანოზი გიორგი მამალაძე ამბობს, რომ უფრო მწვავე შინაარსის წერილები აქვს პატრიარქისთვის გაგზავნილი, სადაც საპატრიარქოს ქონების დატაცების შესახებ არის საუბარი.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობის მომზადების ფაქტზე დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. მათივე ცნობით, დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლს ითვალისწინებს. საქმის მასალების თანახმად, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.