პროკურატურის მიერ მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობარი მამა ანდრია თურმანიძე ამბობს, რომ პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, გაოგნებულია და მომხდარ ფაქტს ვერაფრით ხსნის. მისი თქმით, ბოლო პერიოდში, მასთან კავშირი არ ჰქონია და მისი საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს.
„პროკურატურის ბრიფინგს ვუსმენდი და საერთოდ გაოგნებული ვარ. ვფიქრობდი, სიზმარში ხომ არ ვარ-მეთქი. მამა გიორგის ბოლოდროინდელ საქმიანობას დეტალურად არ ვცნობ და არ ვიცი რას საქმიანობდა. რაც თბილისში გადავიდა იშვიათად ვნახულობდი. როგორც ვიცი, ბევრი საქმე ჰქონდა და თბილისში მუშაობდა. ახლობლობაც გვქონდა, სტიქაროსანი იყო ისიც და მეც.
ზოგი ადამიანი დადებითია და ზოგი უარყოფითი, მაგრამ ასეთი რამ ვერც კი წარმომედგინა. ჩემს აზრს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ქუჩაში გამვლელი ადამიანი ვარ ამ შემთხვევაში“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია თურმანიძემ „რუსთავი 2“-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. აღნიშნულ დანაშაულს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლი ითვალისწინებს. დაკავებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.