ახალი ამბები

“მაგთიკომი” ფარულ მოსმენასთან დაკავშირებულ კანონს აკრიტიკებს

კომპანია ”მაგთიკომი” ფარულ მოსმენა-მიყურადღებასთან დაკავშირებით პარლამენტში წარდგენილ პროექტს აკრიტიკებს და პრეზიდენტს მიმართავს:

”როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მოსალოდნელია ამ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაჩქარებული წესით განხორციელდეს, რაც გაუმართლებელია ელექტრონული კომუნიკაციების დარგში ამგვარი მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებების დროს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მარეგულირებელ ორგანოს და ავტორიზებულ პირებს. შესაბამისად, მათთვის არავის უკითხავს აზრი, რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს წარმოდგენილი კანონპროექტების მსგავსი ფორმით მიღება, შეუძლიათ თუ არა მათ ამ კანონით დადგენილი ვალდებულებების აღსრულება, რის ხარჯზე, რა ვადაზე და ასე შემდეგ.

ახალი სუბიექტი – სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო მოცემული კანონპროექტით გვევლინება, როგორც ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მეორე მარეგულირებელი ორგანო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ერთად, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს როგორც სპეციფიური მიზნებისათვის განსაზღვრული აუდიტი, ასევე დააკისროს პასუხისმგებლობა, დაადგინოს სამართალდარღვევა და შეუჩეროს ავტორიზაცია ავტორიზებულ პირებს. ახალი სუბიექტის უფლებამოსილებები საკმაოდ ზოგადი და ბუნდოვანია, რაც მომავალში საკმაოდ ბევრ გაუთვალისწინებელ რისკს წარმოშობს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სუბიექტის დაფუძნება და საქმიანობა, რომელიც გარკვეულწილად ახდენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დამატებით რეგულირებას მარეგულირებელი ორგანოსგან დამოუკიდებლად და ამის გარდა მასთან შეუთანხმებლად, მაღალი ალბათობით შეუსაბამობაში მოვა კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის სპეციფიკასა და მისი რეგულირების წესებთან, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ავტორიზებული პირებისთვის არაპროგნოზირებად გარემოს ბიზნესის მართვის თვალსაზრისით.

სააგენტოს დისკრეციული უფლებამოსილებაა, თვითონ განსაზღვროს კანონპროექტით განსაზღვრული ტექნიკური შესაძლებლობების არქიტექტურა და შესაბამისი ინტერფეისები, ისევე, როგორც სხვა სტანდარტები. აღნიშნული გამოიწვევს დაუსაბუთებელ დისკრიმინაციულ მიდგომებს სხვადასხვა ავტორიზებული პირებისადმი და ავტორიზებული პირები იძულებულები იქნებიან შეისყიდონ მოთხოვნილი სტანდარტის პროდუქცია, ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის კონკრეტული მწარმოებლებისა და მიმწოდებლებისგან ბაზარზე არსებული მაღალი ფასით.

კანონპროექტით, აღნიშნული სააგენტოს შესახებ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის ცვლილებებით ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან იქონიონ სააგენტოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები, ასევე მუდმივად მოახდინონ მათი განახლება და გამართული ფუნქციონირება თავისივე ხარჯებით. ავტორიზებული პირები იძულებული არიან, გაიღონ არაპროგნოზირებადი და გაურკვეველი მოცულობის ხარჯები. ამ კუთხით მიგვაჩნია, რომ ამგვარი სპეციფიკური საჯარო ინტერესების რეალიზაციის მიზნით ბიზნესსექტორს არ უნდა უხდებოდეს რაიმე ხარჯების გაღება და ეს ხარჯები გათვალისწინებული უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში, მით უმეტეს ელექტრონული კომუნიკაციების დარგში ოპერირება მუდმივი ტექნოლოგიური პროგრესისა და მზარდი მოთხოვნების გათვალისწინებით, დაკავშირებულია დიდ დანახარჯთან…

სააგენტოს უფლებამოსილებაა, ავტორიზებული პირის მფლობელობაში არსებულ სასადგურე და ქსელურ ინფრასტრუქტურაზე უსასყიდლოდ განათავსოს, დაამონტაჟოს აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები, როგორც კომუნიკაციის რეალურ დროში მიწოდების, ასევე გეოლოკაციის ავტომატურ რეჟიმში იდენტიფიცირების უზრუნველსაყოფად. ამ კუთხით, მიგვაჩნია, რომ არადისკრიმინაციულად ავტორიზებულ პირს არ უნდა მოეთხოვოს რაიმე დამატებითი აპარატურის თუ პროგრამული უზრუნველყოფის განთავსება საკუთარ ინფრასტრუქტურაზე და ეს მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს თავისუფალი რესურსების ხელმისაწვდომობიდან, ისევე, როგორც მნიშვნელოვანია განისაზღვროს ის აუცილებელი პირობა, რომ განთავსებული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს თავსებადი იმ ოპერატიულ გარემოსთან, სადაც ხდება მისი ინტეგრირება და ფუნქციონირება. შესაბამისად, სააგენტოს უპირობო მოთხოვნა ამგვარ განთავსებაზე სრულიად მიუღებელია და ის საფრთხეს უქმნის ავტორიზებული პირის არსებული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას.

ავტორიზებული პირების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების კონტროლის მიზნით, სააგენტოს მიერ ავტორიზებული პირის მფლობელობაში არსებული საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის აუდიტის ჩატარება წარმოდგენილი რედაქციით ცალსახად მიუღებელია მისი ზოგადი და ბუნდოვანი შინაარსიდან გამომდინარე. ზოგადად, აუდიტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლო კონტროლს, კერძოდ, მისი ჩატარების აღსრულებისთვის აუცილებელი უნდა იყოს მოსამართლის სანქცია, რა დროსაც სასამართლო გადაწყვეტს აღნიშნული სააგენტოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობას, აუცილებლობას და მოიწონებს მის მეთოდოლოგიას. ამის შემდეგ ავტორიზებულ პირს უნდა ჰქონდეს საშუალება გაასაჩივროს სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება. გარდა ამისა, უკიდურესად მნიშვნელოვანია დაცული იყოს ავტორიზებული პირის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა და ქსელის უსაფრთხოების ნორმები იმ სტანდარტების თანახმად, რომელიც დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში საერთაშორისო ნორმებით. შესაბამისად, არსებითად მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით განხორციელდება აუდიტი და რა შედეგები მოჰყვება ამგვარი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობას სააგენტოს მხრიდან.

სააგენტოს უფლებამოსილებაა, მოსთხოვოს ავტორიზებულ პირს მომხმარებლისა და კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვა იმ ვადით, რაც აუცილებელია კოპირების პროცესის ტექნიკური აღსრულებისთვის. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ჩანაწერი ბუნდოვანია და არ საზღვრავს დროის რა ხანგრძლივობით უნდა მოახდინოს ავტორიზებულმა პირმა მასთან დაცული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვა სააგენტოსთვის შემდგომი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ამასთან, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მონაცემების შენახვა და ამ მიზნით ტექნიკური გადაწყვეტა არ უნდა იწვევდეს ავტორიზებული პირებისთვის დაუსაბუთებელ და არაგონივრულ დამატებითი ხარჯების გაღებას.

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტი ადგენს დაკარგული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების მიზნით ავტორიზებული პირის ვალდებულებას, იქონიოს აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობა. ამ დებულებასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაშიც საჯარო ინტერესების რეალიზაციის მიზნით ბიზნესსექტორს არ უნდა უხდებოდეს რაიმე ხარჯის გაღება”, – ნათქვამია პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ეკისრება უფლებამოსილება, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს განუსაზღვროს მოთხოვნები, ვალდებულებები და აკონტროლოს მათი შესრულება. მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა კი, ავტორიზებული პირების დაჯარიმებას გამოიწვევს.

იტვირთბა....