საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის გადაცემაში ”არჩევანი” უკრაინიდან პირდაპირი ჩართვისას ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა ბიძინა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები რამდენიმე მილიონად შესთავაზა.
”ნარკომანმა და მექრთამე ლაშა ნაცვლიშვილმა, რომელიც არ ფხიზლდებოდა უშიშროების მინისტრის მოადგილეობის პერიოდში და საკუთარ ოთახში იკეთებდა წამალს, ერთი წელიც კი ვერ გასტანა ბიძინა ივანიშვილის პროკურატურაში მთავარი პროკურორის მოადგილედ. ასევე, კორუფციაზე და მექრთამეობაზე გააგდეს იქიდან. არ ვაპირებდი ამ ნაძირალაზე საუბარს, მაგის ვენებს და ტვინს აღარაფერი ეშველება და სჯობს ტვინი მაინც გამოირეცხოს.
ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, რომლის სახელსაც არ დავასახელებ, დაგიდასტურებთ, რომ ნარკომანი და მექრთამე ლაშა ნაცვლიშვილი 2013 წლის ბოლოს მას შეხვდა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში მას შემდეგ, რაც უკვე გაგდებული იყო სამსახურიდან და განაწყენებული რეჟიმზე და რამდენიმე მილიონად შემოგვთავაზა გვეყიდა ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერების და ფარული ჩანაწერების ამსახველი აუდიო მასალა. მე როგორც მახსოვს, მან მოასმენინა ჩანაწერი ჩემს მეგობარს. რამდენადაც ჩვენ მილიონები არ გვქონდა, ვერ ვიყიდეთ.
ნარკომანი ნაცვლიშვილი, ბოტასების ქურდი ფარცხალაძე, ბესელიები და ხაინდრავები მართავენ დღეს პროკურატურას და იმ ინსტიტუტებს, რომელიც ჩვენ რუდუნებით ვაშენეთ”, – განაცხადა დავით საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება მოსამართლეებზე სავარაუდო ზეწოლას. პროკურატურის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა – ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ წერილობითი შეტყობინება დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს, თუმცა უწყება ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, არის თუ არა ის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე. ამასთან, პროკურატურის ცნობით, მოსამართლეებმა უკრაინაში რეგისტრირებული ტელეფონის ნომრებიდან მიიღეს ეს-ემ-ეს შეტყობინებებიც, თუმცა ვის სახელზეა ისინი რეგისტრირებული, საგამოძიებო უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.