შსს-მ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ ზურაბ ადეიშვილსა და ნიკა გვარამიას შორის საუბარს ასახავს, გამოძიება დაიწყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის სააფუძველზე მიმდინარეობს.
”შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ პირადი მიმოწერით ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 159-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით”, – აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემა Українська революція მორიგ ჩანაწერს აქვეყნებს. ამჯერად, პორტალის მტკიცებით, აუდიოჩანაწერი საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბარს ასახავს.
საუბარი, სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს შეეხება. ისმის ორი მოსამართლის გვარი – ალავიძე და ახვლედიანი, საიდანაც, როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძე „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეა.
ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები 3 მილიონის გაცემაზე საუბრობენ, რასთან დაკავშირებითაც, სავარაუდოდ ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ „3 მილიონი სალაპარაკოც არ უნდა იყოს“, ამასთან, ამბობს, რომ „ახვლედიანმა ალავიძეზე ბევრად უფრო მეტი ფასის საქმე შეასრულა“.
ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ ადეიშვილი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ „იქ უნდა ჩავიდეს“, რაზეც სავარაუდოდ გვარამია პასუხობს, რომ „ჩაივლის, მაგრამ ყარამანიშვილებთან ლაპარაკის თავი არ მაქვს“ და ყარამანიშვილებს „ავადმყოფს“ უწოდებს, ასევე მას უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს.