ახალი ამბები კრიმინალი მთავარი სამართალი

შსს-მ რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით „მერსედესის“ მძღოლი დააკავა

რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, რომლის დროსაც  ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა,   პოლიციამ დღეს დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 24 იანვარს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, 1993 წელს დაბადებული გიორგი ჯ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიების ფარგლებში დანიშნული ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნების საფუძველზე დადგინდა, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც გიორგი ჯ. მართავდა, საპირისპირო ზოლში გადავიდა და შემხვედრი მიმართულებით მოძრავ „ოპელისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომანქანებს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა „ოპელის“ მგზავრი სოფო ბ. და დაშავდა ოთხი ადამიანი.

საპატრულო პოლიციამ გიორგი ჯ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც  ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება  გამოიწვია. (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-5 ნაწილებით)”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

იტვირთბა....