აქტუალური თემა ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მედიის ბიზნეს-პარტნიორი მინისტრი: ინტერესთა კონფლიქტი – „ქუმსიშვილმა უნდა განმარტოს“

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მან 2017 წლის 31 იანვარს შეავსო, ერთ-ერთი კომპანიის 10%-იან  წილს „პალიტრა მედიასთან“ ერთად ფლობს. ანუ ფინანსთა მინისტრი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის ბიზნეს-პარტნიორია. ირღვევა თუ არა კანონი და უნდა გააკეთოს თუ არა კომენტარი მინისტრმა ეთიკურ და ინტერესთა კონფლიქტის შესაძლო საკითხებზე? ამასტან დაკავშირებით „მეტრონომი“ იურისტს დაუკავშირდა.

საჯარო რეესტრში ვნახეთ, რომ ფინანსთა მინისტრი შპს “რეშენალ სოლუშენსის” 10%-იან წილს ფლობს, ხოლო საწარმოს პარტნიორი კი შპს “კვირის პალიტრაა”. (იხილეთ ფოტო რეესტრიდან) საწარმოს საქმიანობით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით  მიღებულმა შემოსავალმა  45 030 ლარს მიაღწია.

qumsihvili

მინისტრი ქუმსიშვილი  ამ საწარმოს პარტნიორი 2012 წლის 14 ივნისიდანაა და მისი საწარმოო კაპიტალის ოდენობა 64 000 ლარს შეადგენს.

“რეშენალ სოლუშენსი” ვებ-გვერდის მფლობელია, რომელიც სპეციალურ ფასდაკლების ვაუჩერს სთავაზობს კლიენტს. ქუმსიშვილი თავდაპირველად მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო, მოგვიანებით კი, 10%-იანი წილის მფლობელი გახდა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ქუმსიშვილმა შპს “რეშენალ სოლუშენსის” 10%-იანი წილი სამართავად საკუთარ მეუღლეს, ნატალია თევდორაშვილს გადასცა. ხელშეკრულება 6 ივნისს ნოტარიუს ეკატერინე ძულიაშვილთან გაფორმდა. თუმცა ეს მას დეკლარაციაში მითითებული არა აქვს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქუმსიშვილი ნათესაურ კავშირშია მედია-ჰოლდინგ „პალიტრა მედიის“ დამფუძნებლებთან.

იურისტების განმარტებით, მთავრობის წევრი ვალდებულია ბიზნესში საკუთარი წილი გაყიდოს, ან სამართავად სხვა პირს გადასცეს. შესაბამისად კანონი მას ფლობის უფლებას უკვე აღარ უკრძალავს.

იურისტი შალვა შავგულიძე „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ მინისტრს კანონმდებლობით წილის ფლობის უფლება აქვს. მთავარია,  რომ ის კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი არ იყოს.

“საქმე იმაშია, რომ მინისტრის პარტნიორობა მედია-ჰოლდინგთან დიდ უხერხულობას და კითხვებს აჩენს. მედიასაშუალება საზოგადოების აზრზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს და მასთან ამხელა პოლიტიკური თანამდებობის პირის ასოცირება ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევს. რამდენად მიუკერძოებელი იქნება ეს მედია საშუალება და მინისტრის დახმარებით მისი ლობირება ხომ არ მოხდება?!  ვფიქრობ ქუმსიშვილმა განცხადება უნდა გააკეთოს ამასთან დაკავშირებით. მან საზოგადოებას უნდა განუმარტოს ეს ინტერესთა კონფლიქტი აქამდე რატომ არ აღმოფხვრა. მას წილის გაყიდვა თავისუფლად შეუძლია და ამ უხერხულ კითხვებსაც თავს აარიდებდა“, – ამბობს შავგულიძე.

მინისტრის და ვიცე-პრემიერის ასეთ დონეზე უმსხვილეს მედია-საშუალებასთან ბიზნეს პარტნიორობა, რა თქმა უნდა, გარკვეულ კითხვებს აჩენს ეთიკური კუთხითაც. მითუმეტეს, თუკი სტატისტიკას ჩავხედავთ და ვნახავთ, რომ „პალიტრა მედია“ და ჰოლდინგში შემავალი გარკვეული გამოცემები ბოლო პერიოდში საკმაოდ მრავალ ტენდერებს იგებენ. ერთი შეხედვით, შესაძლოა აქ უკანონობა არაფერია, მაგრამ კითხვები მაშინ ჩნდება, როცა ტენდერის პირობები და მოთხოვნები საეჭვოდ არის მორგებული მხოლოდ შეძლებულ ორგანიზაციებზე, რომლებიც ქვეყანაში თითზე ჩამოსათვლელია და უფრო მეტიც, ასეთ მოთხოვნებს დღეს უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ „პალიტრა მედიის“ მსგავსი მსხვილი ორგანიზაციები თუ დააკმაყოფილებენ. ტენდერების და ქუმსიშვილთან პარტნიორობის თემებს ერთობლიობაში თუ განვიხილავთ, შესაძლოა შალვა შავგულიძის კომენტარი „მეტრონომთან“, რომ ქუმსიშვილმა საზოგადოებას უნდა განუმარტოს და ესაუბროს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტზე, ეჭვს აღარ უნდა იწვევდეს.

ირმა ხულორდავა

იტვირთბა....