აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცვლილება ცვლილებისთვის: რატომ ემიჯნება „ეს შენ გეხება“ ფარული მოსმენების განხილვას

 

ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ ცვლილებათა პაკეტის ირგვლივ უთანხმოება გრძელდება. საქმე ეხება ფარული მოსმენების განსახორციელებლად ახალი დამოუკიდებელი უწყების შექმას, რომელიც, როგორც  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე.

ცვლილების მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია გამოიყოფა ცალკე და გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია. თალაკვაძის შეფასებით, ქვეყანას ამით ექნება სისტემა, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას.

გათვალისწინებულია სპეციალური კომისიის შექმნაც, რომელიც სსიპ-ის ხელმძღვანელს შეარჩევს. მას კი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დანიშნავს. შემოდის მეორე ე.წ. გასაღებიც, რომელიც უზენაეს სასამართლოში, კონკრეტულ მოსამართლეს ექნება.

„ფაქტობრივად ეს იქნება დამოუკიდებელი უწყება, რომელიც იქნება ანგარიშვალდებული, როგორც პარლამენტთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან, ვინაიდან მისი ხელმძღვანელის დანიშვნის პროცედურას ექნება ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია. როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ამ იურიდიულ პირსაც შექმნის სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფოს მიმართ გვაქვს ლეგიტიმური ნდობა და კანონიერების მოლოდინი,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რამდენად ეფექტური იქნება ხელისუფლების აღნიშნული ინიციატივა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვისაგან; რეალურად, ექნება თუ არა ქვეყანას სისტემა, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას – ამ და სხვა საკითხებზე „მეტრონომი“ ექსპერტებს და პოლიტიკოსებს ესაუბრა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებმა: ეკა გიგაურმა, ანა ნაცვლიშვილმა, გიორგი კლდიაშვილმა და მიხეილ ბენიძემ განმარტეს, რომ მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი წინადადება რადიკალურად განსხვავდება არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვისაგან და შეუსაბამობაში მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. სწორედ ამიტომ  კამპანია „ეს შენ გეხებაში“ შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული განცხადების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„ახალი სააგენტოს სახით იქმნება არა სერვისის მიმწოდებელი ორგანო, არამედ დიდი ძალაუფლებითა და უფლებამოსილებით აღჭურვილი სამსახური, რომელიც ამავდროულად ექსკლუზიურად სარგებლობს რიგი უფლებამოსილებებით და მას კვლავაც დარჩება პირდაპირი წვდომა მოქალაქეთა პირად ინფორმაციაზე, რაც ცალსახაც ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან“, – მიიჩნევენ „ეს შენ გეხებაში“.

პარლამენტის ფრაქცია  „ევროპული საქართველოს“   წევრი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ  საჭიროა მექანიზმები, რომელიც ყველა ხელისუფლებას ამ თვალსაზრისით შეზღუდავს, არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადება კი მისი აზრით, სწორედ ასეთი მოდელი იყო.

„ყველა შემთხვევაში უნდა იყოს ვითარება, როდესაც სამართალდამცავებს არ შეუძლიათ ეფექტური, საზოგადოებრივი, სასამართლო კონტროლის გარეშე, პირად ცხოვრებაში ჩარევა,“-განაცხადა ბოკერიამ.

როგორც  „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე  „მეტრონომთან“ აცხადებს, ეს იქნება საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა, რადგან ის არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოფიქრებული მოდელი, რომელიც უნდა ყოფილიყო სსიპი და არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონოდა არც სუსთან და არც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. მისი თქმით, ის იქნებოდა პარლამენტის ძალიან მაღალი კონტროლის ქვეშ.

„მათ შორის, იმ მყარი დისკის კონტროლის აუცილებლობა იყო იმ კანონში მითითებული, რომელზეც აისახება უკანონო მოსმენები, მხოლოდ იმ მყარი დისკის კონტროლით შეიძლება გავიგოთ ხდებოდა თუ არა უკანონოდ პარალელური მოსმენების განხორციელება, ეს კი აქ არ არის.

ეს კანონი არის სუს-ში დაწერილი, სწორედ სუს-ის ინტერესებით გათვალისწინებით მიღებული და არა ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტის დაცვით განპირობებული კანონი. გარდა ამისა, აღნიშნული კანონით არც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაა დაცული“- განუცხადა ნინო გოგუაძემ „მეტრონომს“.

ექსპერტი გია ხუხაშილი კი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ახალი უწყების შექმნა არ არის პრობლემაზე ადექვატური პასუხი. მისი თქმით, ეს რეორგანიზაცია პოლიტიკურ მოსმენებთან დაკავშირებით, ფაქტობრივად არაფერს ნიშნავს.

„ერთი მხრივ, ხელისუფლების მოქმედების ლოგიკა გასაგებია – მათ უნდათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რაღაცნაირად გვერდი აუარონ, – თან აღასრულონ მისი გადაწყვეტილება, მაგრამ ამასთანავე გარკვეულწილად შეინარჩუნონ ის სისტემა. ამით რაღაცა სწორდება, იმიტომ რომ ქვედა დონეებზე ოპერატიული სავარაუდო უკანონო მოსმენების პრევენცია გარკვეულწილად, შესაძლებელია განხორციელდეს, თუმცა თავისთავად, ეს რეორგანიზაცია პოლიტიკურ მოსმენებთან დაკავშირებით, ფაქტობრივად არაფერს ნიშნავს, იმიტომ, რომ პოლიტიკური მოსმენები არ ხდება უწყების გადაწყვეტილებით. ეს ხდება პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაშვებით და თუ ამ უწყების ხელმძღვანელს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, მაშინ არანაირი დამცავი მექანიზმი არ არის, იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრი არის პოლიტიკური გუნდის ლიდერი. შესაბამისად, დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი უბრალოდ უაზროა.

გასაგებია, რომ ცალკე უწყების შექმნა უნდათ, მაგრამ საჭიროა დამატებითი დამცავი მექანიზმების გაჩენა. არ ვიცი, ეს ორი გასაღების სახით იქნება თუ რა ფორმით. ასევე სად უნდა იყოს სერვერები, როგორ უნდა მოხდეს ჩართვა ადამიანის, მარტო ერთი უწყების გადაწყვეტილებით არ უნდა ხდებოდეს და ა.შ, ეს  ალბათ მორიგი დისკურსიის საგანია

ის, რაც დღეს ხელისუფლებამ გამოაცხადა, ეს პრობლემას ვერ წყვეტს პოლიტიკური მოსმენების ნაწილში. შეიძლება ოპერატიულ მოსმენებზე გარკვეული დამატებითი მექანიზმი გაჩნდეს, მაგრამ  პოლიტიკური მოსმენების ნაწილში არაფრის მთქმელია“- განუცხადა „მეტრონომს“ გია ხუხაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის თქმით კი  არსებობს მაღალი რისკები, რომ მოქალაქეთა პირადი ცხოვრება არადასაბუთებული დაკვირვების ქვეშ იყოს.

„ცხადია, რომ რაიმე სახის დამოუკიდებლობაზე ამ ორგანიზმის შეუძლებელია საუბარი. ეს არის უბრალოდ თვალის ახვევა საზოგადოებისათვის, რეალობა რჩება ზუსტად იგივე და არსებობს მაღალი რისკები იმის, რომ მოქალაქეთა პირადი ცხოვრება არადასაბუთებული დაკვირვების ქვეშ იყოს,“ – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესია ისეთი მოდელის შემუშავება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება კონტროლის მყარი მექანიზმები. პრეზიდენტის პოზიცია მისმა პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გაახმოვანა:

„ე.წ მოსმენების თემას საქართველოს პრეზიდენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ყოველთვის, ყველა ეტპაზე. თქვენ იცით, რომ აღნიშნულ კანონპროექტს გიორგი მარგველაშვილმა თავის დროზე ვეტოც დაადო, რაც სამწუხაროდ, არ იქნა გაზიარებული და შედეგად მძიმე და სამწუხარო გამოცდილება და რეალობა მივიღეთ.

მარგველაშვილის აზრით, ამჯერად მაინც უნდა მივიღოთ გამართული კანონმდებლობა, სადაც ერთხელ და სამუდამოდ მყარად იქნება დაცული მოქალაქეების უფლებები და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები. პრეზიდენტის თქმით, უმნიშვნელოვანესია ისეთი მოდელის შემუშავება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება კონტროლის მყარი მექანიზმები. ასეთი სტრუქტურის შექმნისას კი, ამოსავალი პირინციპი უნდა იყოს ამ უწყების ანგარიშვალდებულება და ეფექტიანი კონტროლი სამივე სახელისუფლო შტოს – აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოს მხრიდან”, – განაცხადა მიშველაძემ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პრეზიდენტის პოზიცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ასეთ ზოგად, არაკონკრეტულ განცხადებებს ნებისმიერი ჩვენგანი გააკეთებს, პირველი კურსის სტუდენტიც“.

ნინო  ცხადაია

იტვირთბა....