აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

ქართველი გენერალი: „გორის მე-5 ბრიგადა გაუქმდა, 3 000 კაცი დავითხოვეთ, 32 მლნ დავზოგეთ- ღირდა?“

ბრიგადის გენერალმა და ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ „მეტრონომს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ოპტიმიზაციის პროცესს აფასებს და ამბობს, რომ ეს პროცესი გამჭვირვალე და ღია უნდა ყოფილიყო,  რათა საზოგადოების მხრიდან კითხვები არ გაჩენილიყო.

სალუქვაძის თქმით, მხოლოდ პერსონალის ოპტიმიზაცია  სწორი გადაწყვეტილება არ არის. ანალიტიკოსის აზრით, თავდაცვის სამინისტროს უნდა აეხსნა, სამხედრო ან სამოქალაქო პირთა გათავისუფლება რა კრიტერიუმებით მოხდა.

გენერლის განცხადებით, საკადრო წმენდა სუბიექტურად მიმდინარეობს, რადგანაც არც კონკურსები და არც ტესტირებები არ ჩატარებულა. ამიტომაც, ერთ თვეში ხარისხიანად და სამართლიანად გადაარჩიო რამდენიმე ათასი ადამიანი, შეუძლებელია.

„მეტრონომი“: როგორ შეაფასებთ ჯარში მიმდინარე ოპტიმიზაციას?

ამირან სალუქვაძე: დავიწყოთ იმით, რომ მთლიანად თავდაცვის სამინისტროში ოპტიმიზაცია აუცილებელი იყო. როგორც გაცხადდა, ოპტიმიზაციის პროცესი დასრულდა. ამის მიუხედავად გეტყვით, რომ ოპტიმიზაცია ახლაც არის საჭირო. თუმცა, ოპტიმიზაცია ცულით კი არა, ფანქრით და კალკულატორით ხორციელდება.

გუშინ გავიგე, რომ გორის მე-5  ბრიგადა გაუქმდა. შეიძლება ცხინვალის მიმართულებაზე ბრიგადის გაუქმება? მანამდე გაუქმდა საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტი, რომლის ფუნქცია ომის დროს საზღვაო და სანაპირო დაცვის ოპერაციები უნდა ყოფილიყო. აღარაფერს ვამბობ საჰაერო ძალებზე.

– თავდაცვის მინიტრმა განაცხადა, რომ ოპტიმიზაციის პროცესი სამინიტროში სამოქალაქო პირებს შეეხო, რომლებიც წინა მინისტრების მიერ გაბერილი შტატების ხარჯზე მოხვდნენ და თავდაცვის ბიუჯეტიდან მათ ხელფასებზე  საკმაოდ დიდი ნაწილი იხარჯებოდა…

– გამჭვირვალედ რომ წარმოდგენილიყო, როგორ განხორციელდა ოპტიმიზაცია სამოქალაქო ბლოკში, რა გაკეთდა ხარჯების ოპტიმიზაციის  კუთხით თვითონ გენერალურ შტაბში, როგორ გადაიხედა სხვადასხვა ხარჯები: სამივლინებო, პირადი ავტომობილების, საოფისე და ა.შ. ალბათ ამდენი კითხვები არ გაჩნდებოდა.

მხოლოდ პერსონალის ოპტიმიზაცია  სწორი გადაწყვეტილება არ არის. პირადი შემადგენლობიდან ბევრი რომ გასაშვები იყო, ფაქტია, მაგრამ ახლა რაიმე შეიცვალა? რა კრიტერიუმებით მოხდა სამხედრო, ან სამოქალაქო პირთა გათავისუფლება?

ჩემი ინფორმაციით, ეს სუბიექტურად მოხდა. ამიტომაა დათხოვილი პერსონალი უკმაყოფილო და ამიტომ გამოთქვამენ პროტესტს. თან ხომ შეიძლებოდა ეს პროცესი არა დეკემბრის ბოლოს, არამედ შუა იანვრიდან დაწყებულიყო?

– თქვენ ამბობთ, რომ ოპტიმიზაციის პროცესის დროს, ჯარიდან პროფესიონალი კადრების დათხოვნა მოხდა, რაც ჯარს და ქვეყნის თავდაცვას სასარგებლოდ არ წაადგება?  

– პირადი შემადგენლობის ოპტიმიზაცია როცა ხდება, ყოველთვის საუკეთესოები უნდა დარჩნენ და ნაკლებად მომზადებულებმა დატოვონ სტრუქტურა. ჩვენ როგორ გავაკეთეთ, ჩატარდა კონკურსები, ტესტირებები? არა. ან შესაძლებელია ერთ თვეში ხარისხიანად და სამართლიანად გადაარჩიო რამდენიმე ათასი ადამიანი?

ახლა რა კონტიგენტი დარჩა ჯარში? რამდენია აქედან რეალური მებრძოლი, რომელიც ბრძოლის ველზე გავა? ბევრი კითხვაა და დიდხანს შეიძლება ამაზე  საუბარი.

– ფიქრობთ რომ ჯარში დღეს მიზანიმიართული ქმედებები ხორცილედება?

– მიზანმიმართულ ქმედებებში ვერავის დავადანაშაულებ. ეს სერიოზული ბრალდებაა. მაგისთვის შესაბამისი სამსახურები არსებობენ. ცუდია, რომ ცხადდება „რეფორმის“ ავტორი და მისი ჩანაფიქრის საბოლოო მიზანი. ყველა რეფორმას, თუ ეს რეფორმაა, წინ უძღვის კვლევები, ანალიზი და დასკვნები. ჩვენ ეს მასალები ვერ ვნახეთ.

შემდეგ კონკრეტული მიზნები უნდა დაისახოს, რას ვაპირებთ, როგორი არმიის შექმნაა ჩაფიქრებული? ანალიზის, შესაბამისი ოპერატიულ-ტაქტიკური გათვლების და დასაბუთების გარეშე, ნებისმიერი პიროვნება შეძლებს იმ პროცესის განხორციელებას, რაც ახლა კეთდება.

კარგი იქნება, თუ საქართველოს მთავრობა დაფიქრდება რისთვის ვაფინანსებთ 18 წელია კუმიკის მრჩეველთა ჯგუფს. ვატყობ, მათი რჩევებით ქართული არმია კიდევ 18 წელი იქნება ქრონიკული რეორგანიზაციის პროცესში.

ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს ეს პროცესი? საქართველოში უამრავი მაღალი კვალიფიკაციის სამხედროა. დაიქირაონ და ვნახავთ შედეგს: რამდენიმე წელში დასრულდება არმიის ჩამოყალიბება. დღევანდელი დღე დავიმახსოვროთ და 4-5 წლის შემდეგ დავსვათ კითხვა – მივედით დასახულ მიზნამდე? დავასრულეთ ჯარის ფორმირება?

 – ფიქრობთ, რომ ეს პროცესი ჯარის განვითარებას  შეაფერხებს?

– თანამშრომელთა გაშვება, ან სამსახურში მიღება მუდმივი პროცესია, მითუმეტეს არმიაში. რამდენიმე მომენტს გამოვყოფ, თორემ ამ თემაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება.

პირველი – ნებისმიერი მასშტაბური რეორგანიზაცია ნებისმიერი სტრუქტურის ფუნქციონირების ეფექტიანობაზე საგრძნობ ზეგავლენას ახდენს. ეს არმიაში კი განსაკუთრებით მგრძნობიარე მოვლენებია.

მეორე – 3 ათასი არაკვალიფიციური თანამშრომელი იყო თავდაცვის სამინისტროში? მაშინ რას უყურებდნენ წინა მინისტრები? რისთვის აჭმევდნენ ტყუილად პურს ქვეყნის დასაცავად დაქირავებულ პერსონალს? მაშინ მათაც მოვკითხოთ, ზომები აქამდე რატომ არ მიიღეს?

მესამე – კვალიფიციური ხალხი დავითხოვეთ, უბრალოდ მათ ხარჯზე ბიუჯეტი შევამცირეთ? მაშინ სადაა დაზოგვა? 3 ათასი კვალიფიციური კადრი დავითხოვეთ და 32 მლნ ლარი დავზოგეთ? ღირდა? შემდეგომში რომ დაგვჭირდეს ისევ 3 ათასის მომზადება რამდენი მილიონი დაგვიჯდება?

მეოთხე – თუ ნაკლებად კვალიფიციური დავითხოვეთ და საუკეთესოები დავტოვეთ, ვინ განსაზღვრა? ეს ხომ არ ხდება სუბიექტურად, რამდენიმე პირის გადაწყვეტილებით? ამას ხომ კომისიური მუშაობა და შესაბამისი გამოცდების ჩატარება ესაჭიროება, პლიუს მათი სამსახურის, მიღწევების და სხვა დეტალების გაანალიზება? ამიტომ, როგორც მინიმუმ არარაციონალური მიდგომები სახეზეა.

– რას იტყვით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტზე, რომელიც წინა წლებთან შედარებით საკმოდ დაბალია…

– სანამ არმიაში ეს ოპტიმიზაცია დაიწყებოდა, მანამდე დავწერე, რომ რესურსების გამონახვა ჯერ არსებულ ბიუჯეტში მომხდარიყო  და ბიუჯეტის მომატებაზე შემდეგ გვეფიქრა. ოპტიმიზაციის გზით წავიდა სამინისტრო, უბრალოდ ოპტიმიზაციის მეთოდებს არ ვეთანხმები.

ასევე, ჩემი ინფორმაციით ძალიან ძვირი გვიჯდება საერთაშორისო მისიები. თუ არ მეშლება 140 მილიონზეა საუბარი. საქმე იმაშია, რომ ეს მისიები არა მხოლოდ ფინანსურ ტვირთად გვაწევს, დიდი რაოდენობით პირადი შემადგენლობაა მოწყვეტილი, რაც ხელს უშლის ხარისხიანი საბრძოლო მომზადების ორგანიზებას და შეიარაღებული ძალების შერწყმას.

სხვათაშორის, უკვე საბრძოლო მომზადების ახალი წლის მეორე თვე დაიწყო და საინტერესოა მიმდინარეობს თუ არა ინტენსიური საბრძოლო წრთვნები, რაზეც წლებია ვწერთ და რა ამოცანაც მინისტრმა დასახა 100-დღიანი მუშაობის შეფასებისას. ეს კითხვა გენშტაბის მისამართითაა დასმული.

დღეს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია სხვა კუთხით უცქერს ყველაფერს, ამერიკის ბიუჯეტის ეკონომიასა და ეკონომიკის აყვავებაზეა აქცენტი. საკუთარ ფულს უფრო ყურადღებით დათვლიან.

დროა, ჩვენც დავთვალოთ და დავაყენოთ საერთაშორისო მისიების დაფინანსების საკითხი. ჩვენ ისედაც დიდ გადასახადს ვიხდით საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში ჩვენი დაღუპული და დაშავებული ახალგაზრდების სახით.

თუ სწორად წარვმართავთ მოლაპარაკებებს და შესაბამისად ავხსნით, შესაძლებელი იქნება გარკვეული შედეგის მიღწევა ამ კუთხით. გამოთავისუფლებული სახსრები კი არმიის გაძლიერებაზე იქნება მიმართული.

– თვილით თუ არა რომ ოკუპირებული ტერიტორიების ფონზე ჯარის უფრო გაძლიერება უნდა მოხდეს და ამ კუთხით რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო?  

– მსოფლიოში საკმაოდ მყიფე სიტუაციაა. არასტაბილურ ვითარებას ემატება აშშ-ის არჩევნების შემდეგ რუსეთის მხრიდან მსოფლიოს ახალი გადანაწილების სურვილი, ან ძველი გავლენების აღდგენა. როგორ წარიმართება ეს პროცესი, რამდენად რბილად განვითარდება რუსეთ-ამერიკის (დასავლეთის) ურთიერთობები, რთული სათქმელია.

არსებობს მოლოდინები, რომ ურთიერთსაპირისპირო ინტერესები ამ პროცესს საბოლოოდ ჩიხში შეიყვანს. შესაძლოა მათ შორის კომპრომისები მოინახოს. ამ ეტაპზე გამოსახეს საერთო მტერი საერთაშორისო ტერორიზმის სახით.

რამდენად მომგებიანად გამოვალთ ამ სიტუაციიდან, რამდენად ჩვენს სასარგებლოდ წარიმართება პროცესები მთლად ჩვენზე არაა დამოკიდებული. თუმცა, აქტიური და გონივრული პოლიტიკაა საჭირო, განსაკუთრებით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან. მაგრამ შეიარაღებული ძალები ყოველთვის და ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს.

შარშან დიდი ჭიდილი გვქონდა რეზერვის კონცეფციასთან და რეზერვისტთა მომზადებასთან დაკავშირებით. ამ კუთხით ვერანაირ აქტიურობას ვერ ვხედავთ. არადა წელიწადი გავიდა. წელიწადში სამი მინისტრი რომ შეიცვალოს, გენშტაბი ხომ მაინც თავის საქმეს უნდა აკეთებდეს?

მოკლედ, გამოწვევები არ მოკლებულა, პირიქით. შესაბამისად შეიარაღებული ძალები უფრო აქტიურად და ინტენსიურად უნდა მუშაობდეს საბრძოლო მზადყოფნის დონის მაქსიმალურად ამაღლებისკენ.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ, იქნებ ჩამოვყალიბდეთ, განვიხილოთ და დავამტკიცოთ როგორი არმია ესაჭიროება საქართველოს, ვაქციოთ ეს გრძელვადიან, ეტაპობრივ პროგრამად, დავამტკიცოთ და დავიწყოთ განხორციელება.

სირცხვილია უკვე, ამ პროცესში მუდმივად პარტნიორების იმედად ყოფნა. ასე ჩამორჩენილები და არაკვალიფიციურები ვართ, რომ ყველაფერზე სხვისი დახმარება გვჭირდება? იქნებ დროა გამოვფხიზლდეთ?

შეიძლება წლების განმავლობაში მუდმივი რეორგანიზაციის და ქრონიკული რეფორმების პირობებში ცხოვრება? უკვე ჩამოყალიბებული არმია უნდა გაგვაჩნდეს და ჩვენ კი ნულიდან ვიწყებთ.

ელზა პაპოშვილი

 

იტვირთბა....