შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს საერთაშორისო აეროპორტის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვახტანგ დადუნაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც გაანცხადა, რომ დღეიდან აღნიშნულ თანამდებობაზე აღარ მუშაობს. როგორც დუდუნაძე აცხადებს, სამსახურიდან “ქართული ოცნების” მხარდაჭერის გამო გაათავისუფლეს.
“საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გოგა რაზმაძემ 3 დღის წინ ჩემი ფორმის ტარება ამიკრძალა. მოულოდნელად დამიბარა თავის კაბინეტში და დამამცირებელი ტონით მეუბნება, რომ მე ასოცირებული ვარ ქართულ ოცნებასთან, უნდა მივბრძანდე სამსახურიდან და ახალი სამსახურის საძებნელად მივმართო ბიძინა ივანიშვილს. ამის შემდეგ მან ჩემი და ჩემი თანამებრძოლების ამსახველი სურათები დაყარა მაგიდაზე და ამას მოჰყვა დაცინვა.
“საპატრული პოლიციაში უმსგავსობა ხდება, მიმდინარეობს ღია და დაუნდობელი ბრძოლა იმ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც 2012 წლის დასაწყისში მერაბიშვილის მძვინვარე რეჟიმს გაემიჯნენ და ქვეყნისა ბატონ ბიძინა ივანიშვილის გვერდით დადგნენ, სიცოცხლის ფასად. პირადად ვამხილე შსს-ში არსებული რეალობა 2012 წლის ივნისში. ამ ჯგუფის ლიდერი პირადად გახლდით, რასაც ჩვენი დევნა მოჰყვა კიდეც. ეს დღესაც გრძელდება.”
დადუნაძის თქმით, ის ასევე ესაუბრა თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს დავით მინდიაშვილს:
“მინდიაშვილმა, იგივე თბილისის საპატრულო პოლიციის შეფმა, სიცილნარევი ტონით განმიცხადა, რომ ჩემი გათავისუფლების საკითხი გოგა რაზმაძესთან შეთანხმებული აქვს, დამატებითი განმარტებები საჭირო არაა და ამ რეალობას უნდა შევეგუო”.
დადუნაძე მინდიაშვილს ადანაშაულებს მისი თქმით მერაბიშვილის მიერ მოწყობილ “სისხლიან დარბევებში” მონაწილეობაში და ელდარ კურტანიძის ცემაში:
“7 ნოემბერი, 26 მაისი, ვეტერანების დარბევა, ქართული ოცნების მიტინგებზე პროვოკაციების მოწყობა, მონაწილეობა აქვს მიღებული ელდარ კურტანიძის უმოწყალოდ ცემაში, რის გამოც გულუხვადაც დააჯილდოვეს. მისი ქორწილი ვანო მერაბიშვილმა გადაიხადა. დღეს იგი დაწინაურებულია და დედაქალაქის ხელმძღვანელია. ის ელის მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას, რომ მასთან ერთად საბოტაჟი განახორციელოს და საპატრულო პოლიცია გაწმინდოს ერთგული ოფიცრებისგან. მისი საკურატურო გამოცდილი ნაც-ზონდერებითაა დაკომპლექტებული”.
დადუნაძე პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მოსალოდნელი საფრთხისგან მისი ოჯახის დაცვას სთხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.

