ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევა გოცირიძეს სახალხო დამცველი პასუხობს

 

ევა გოცირიძის ბრალდებებს სახალხო დამცველი პასუხობს. უჩა ნანუაშვილის თქმით, მოსამართლის ბრალდებები უსაფუძვლოა და მან ევროსაბჭოს წარმომადგენლებს ინფორმაცია არა კონკრეტულ მოსამართლეებზე, არამედ პროცედურული დარღვევების შესახებ მიაწოდა.

„ამ საკითხთან დაკავშირებითაც მათ ჰქონდათ გარკვეული კითხვის ნიშნები, რაზეც ჩვენ რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ. ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ხარვეზებზე პროცედურებში და არა კონკრეტულ პიროვნებებზე და კონკრეტულ კანდიდატებზე. ამ ნახევრად გამჭვირვალე პროცესმა და ასე ვთქვათ, საკითხის მოგვარების ასეთმა დახურულმა პროცესმა, მე ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტად დააეჭვა ის ორგანოები, რომელთაც ჰქონდათ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ბრალდებები უბრალოდ არგუმენტების გარეშე არის მხოლოდ და მხოლოდ ცილისწამება. ჩვენ მანამდეც საჯაროდ ვამბობდით იმ ხარვეზებზე, რომელიც ამ პროცესებში არსებობდა,“ – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე ერთ-ერთ კანდიდატად ევა გოცირიძე საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 28 აგვისტოს წარადგინა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სამწევრიან სიაში ნანა მჭედლიძის კანდიდატურის ნაცვლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ევა გოცირიძის კანდიდატურა შევიდა.

ამჟამად სულ სამი კანდიდატია წარდგენილი: ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილი. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატურების შესარჩევად მთავრობამ კონრკუსი გამოაცხადა, რომელშიც 47 კანდიდატი მონაწილეობდა. ამ კანდიდატურებიდან 5 კანდიდატი შესარჩევმა კომისიამ საქართველოს მთვარობას წარუდგინა.

იტვირთბა....