ქობულეთის მუნიციპალიტეტში უამინდობის და უხვი ნალექის გამო, 500-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. თოვლის საფარი დაბლობში 40, ხოლო მაღლობში 70 სანტიმეტრს აღწევს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და 11 ერთეული მძიმე ტექნიკა ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.
” აჭარაში უხვი ნალექის გამო, გაწმენდითი სამუშაოები ძალიან რთულად მიმდინარეობს. ახლაც საკამოდ ინტენსიურად თოვს. მძიმე ტექნიკა გასაწმენდად რომ გაივლის, უკან დაბრუნებისას თოვლი ისევ გასაწმენდია. ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მსუბუქ ავტომობილებს გადაადგილება ეკრძალებათ”, – ამბობენ პრესსამსახურში.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, მუნიციპალიტეტში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და მოსახლეობას დენი ეტაპობრივად მიეწოდება. თუმცა, თოვის გამო პროცესი ჭიანურდება.