ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, მტრისთვის ცხვარივით დასაკლავად გადაცემას, ბრძოლის ველზე სიკვდილი სჯობს.
ცერცვაძის განცხადებით, ის საქართველოს ხელისუფლების ქმედებით შოკირებულია და ვერ აუხსნია, რატომ არ მიაწოდეს მას საზღვარზე გასვლისას ინფორმაცია, რომ ინტერპოლით იძებნებოდა.
ვიცე-პოლკოვნიკი ამბობს, რომ ყველაფრის მიუხედავად ის რუსეთის წინააღმდეგ ყველგან და ყოველთვის იბრძოლებს.
„ჩემთვის ეს ყველაზე დიდი შოკი იყო, რომ საქართველოს სამართალდამცავებმა არ გამაჩერეს და არ მითხრეს, რომ ინტერპოლით რუსეთი მეძებდა. თუ ბედისწერაა რომ დაიღუპო, სჯობია ბრძოლის ველზე მოკვდე, ვიდრე ასე ცხვარივით დასაკლავად გაგწირონ.
ეს იყო ჩემთვის ყველაზე მტკივნეული და დასანანი ფაქტი. რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა გამწირონ, მე მაინც საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი ვარ და ჩემი ქვეყნის დასაცავად სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ყოველთვის ვიბრძოლებ.
მთავრობაში ხალხი მოდის და მიდის, საქართველო კი ყოველთვის რჩება. ის ჩემი სამშობლოა და მისი დაცვა ყველა ჩვენგანს გვევალება. მე ყველგან იქ ვიქნები სადაც ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ იქნება. სანამ შემიძლია, ვიბრძოლებ უკრაინაში, ხვალ აფრიკაში, სადაც არ უნდა იყოს, მე ყველგან რუსეთის მტერი ვიქნები, რადგანაც ის ჩემი სამშობლოს დაუძინებელი მტერია“ – აცხადებს ცერცვაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას.