ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
“საპარლამენტო უმრავლესობის ეს სამარცხვინო განცხადება არ შეიძლება ადამიანმა სერიოზულად შეაფასოს. ხელისუფლება საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს, როგორ ითანამშრომლეს რუსეთის ფედერაციასთან გია ცერცვაძის მონაცემებზე, არაფერი გააკეთეს, რომ ინტერპოლის ძებნაზე არ დაესვათ და ძებნილი პირი საზღვარზე გაატარეს. არ აღიარებენ არც ერთ პრობლემას და არ იღებენ პასუხისმგებლობას. ეს მათი ხელწერაა.
ვიცეპოლკოვნიკ გია ცერცვაძის გათავისუფლებას ვულოცავ მის ყველა გულშემატკივარს და ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა მისი გათავისუფლების საქმეში. მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ არ მოხდეს ქართველ ჯარისკაცებთან დაკავშირებით რუსეთთან თანამშრომლობა და მათი ექსტრადირებაში ხელშეწყობა.
ამისთვის კი, უნდა გამოვლინდეს ყველა ის პირი, ვინც ბრალეული ქმედებით ხელი შეუწყო ამ ყველაფერს. უნდა დადგეს შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი”,- განაცხადა ოთარ კახიძემ.
შეგახენებთ, რომ გიორგი ცერცვაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. “დიდი მადლობა ყველა იმ ხალხს ვინც მხარს მიჭერდა,”-განაცხადა ცერცვაძემ, ხოლო შეკითხვაზე “რას ედავება რუსული მხარე,” მან განაცხადა, რომ არ იცის.
ცერცვაძის გათავისუფლებას წინ უძღვოდა პროკურატურის გადაწყვეტილება საქმის შეწყვეტის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ გია ცერცვაძის სასამართლო პროცესზე მოსამართლემ განაცხადა, რომ პირველი ინსტანციიდან არ მიუღია დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მისი გათავისუფლება უნდა მომხდარიყო, შესაბამისად პროცესი 3 თებერვლისთვის გადადო, თუმცა მოგვიანებით ბიუროკრატიული დეტალები მოგვარდა და ცერცვაძე გაათავისუფლეს.
ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულისთვის ეძებს, მასზე კი საერთაშორისო ძებნა 2016 წლის 23 დეკემბრის, ანუ 13 წლის შემდეგ გამოცხადდა. რუსეთის მიერ უკრაინაში გადაგზავნილი საქმის მასალებში წერია, რომ ქართველ ჯარისკაცს 2003 წელს რუსეთში ჩადენილი მკვლელობაში ედება ბრალი.