უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო „ფეისბუქის” პირად გვერდზე გია ცერცვაძის ფოტოს აქვეყნებს, წარწერით: “როგორც დაგპირდით – გია ცერცვაძე თავისუფალია. უკრაინა თავისიანებს არ ღალატობს. მათ შორის – თუკი ისინი თავისი ქართველები არიან“.
ცოტა ხნის წინ „ფეისბუქზე ცერცვაძის ადვოკატმაც დაწერა, რომ გია ცერცვაძე თავისუფალია. „გიას ათავისუფლებენ. პროკურატურის გადაწყვეტილებაა. ეს არის დროებითი პატიმრობის მოხსნა. რუსეთისთვის გადაცემის აკრძალვაზე ჩვენ ვილაპარაკებთ საექსტრადიციო შემოწმების დასრულების შემდეგ“, – წერს პროკონოვა.
გია ცერცვაძის პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურაც განცხადებას ავრცელებს:
„გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ როგორც უკრაინელი კოლეგებისგან ჩვენთვის ამ წუთებში გახდა ცნობილი, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლა საქართველოს მოქალაქე გია ცერცვაძე, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზნით. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გია ცერცვაძე მიმართ ასევე უახლოეს პერიოდში დასრულდება საექსტრადიციო წარმოებაც, რომელიც ფორმალური გარემოებების გათვალისწინებით გარკვეული პროცედურების განხორციელებას გულისხმობს. როგორც წინა დღეებში, საქართველოს მთავარი პროკურატურა კვლავაც გააგრძელებს უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობას მანამ, სანამ საბოლოოდ გია ცერცვაძის სასარგებლოდ არ დასრულდება მის მიმართ მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
თავად გია ცერცვაძე უკრაინაში, ლუკიანოვსკის წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას მცირე კომენტარით შემოიფარგლა:
”დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარში მედგა. ერთი საათის წინ გავიგე, რომ მათავისუფლებდნენ. არ ვიცი რაზე მედავება რუსული მხარე. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ”,- აღნიშნა გია ცერცვაძემ.
დღეს სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე იმსჯელა, რომლის მიხედვითაც გია ცერცვაძეს 40 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ქართველი ჯარისკაცი, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის მოთხოვნით იქნა დაკავებული. გია ცერცვაძე უკრაინაში 15 იანვარს დააკავეს.
ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს თითქოს ჩადენილი დანაშაულისთვის ეძებს, მასზე კი საერთაშორისო ძებნა 2016 წლის 23 დეკემბრის, ანუ 13 წლის შემდეგ გამოცხადდა. რუსეთის მიერ, უკრაინაში გადაგზავნილი საქმის მასალებში წერია, რომ ქართველ ჯარისკაცს 2003 წელს რუსეთში ჩადენილი მკვლელობაში ედება ბრალი.


