“როიტერსის” ინფორმაციით, ტრამპი მუსულმანური ქვეყნებისთვის ვიზის გაცემის შეწყვეტას აპირებს. კერძოდ, ეს ქვეყნებია: ირანი, ერაყი, ლიბია, სომალი, სუდანი, სირია და იემენი. დოკუმენტის თანახმად, ტრამპი აგრეთვე აპირებს გასცეს ბრძანებულება, რომელიც იმ ადამიანების შემოწმების პროცესის გადახედვას ითვალისწინებს, რომლებსაც აშშ-ში ჩასვლის სურვილი აქვთ. ასევე საუბარია იმ ქვეყნების სიის შედგენაზე, რომლებიც აშშ-სთან არ თანამშრომლობს და ქვეყნის პოტენციური ვიზიტორების შემოწმებისათვის საჭირო ინფორმაციას არ გასცემს.
ამ ფაქტს უკვე მოჰყვა პროტესტი ირანელი მსახიობი, ტარან ალიდუსტის მხრიდან, რომელიც “ოსკარზე” წარდგენილ ერთ-ერთ ფილმში თამაშობს:
“ტრამპმა ირანის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა აკრძალა. არ აქვს მნიშვნელობა რასისტულია ეს ღონისძიება თუ კულტურული. პროტესტის ნიშნად 2017 წლის „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიას არ დავესწრები“, – წერს მსახიობი Twitter-ში.

