უკრაინაში დაკავებული ვიცე პოლკოვნიკის, გია ცერცვაძის მეუღლის ტატიანა მესხის განცხადებით, ქმრის ციხიდან გამოყვანისთვის და სიმართლის დადგენისთვის ბრძოლა უწევს.
„როცა საქართველოში აგვისტოს ომი იყო, ძალიან მძიმე დღეები გამოვიარეთ, იმიტომ რომ იქ ჩემი მეგობრები, ზოგი დაჭრილი იყო, ზოგი იღუპებოდა. ძალიან მძიმე დღეები იყო და ამ ყველაფერმა ჩემს თვალწინ გაიარა. ახლა შემიძლია შევადარო ის დღეები ამ დღეებს, იმიტომ რომ აქ ისევ ბრძოლა მიწევს ჩემი ქმრისთვის, რომ გამოვიყვანო და სიმართლე დავადგინო. ჩვენი ქართველი და უკრაინელი ჯარისკაცები აქ არიან, ჩვენ გვერდში არიან. ძალიან ბევრ რამეს მიყვებიან გიაზე, როგორ იბრძოდა გია მათ გვერდით და მამხნევებენ. მადლობას ვუხდი მათ ამისთვის“, – განაცხადა ტატიანა მესხმა.
უკრაინაში დაკავებული ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სხდომა შესაბამისი მასალების არარსებობის გამო, სამ თებერვლამდე გადაიდო.
აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე გია ცერცვაძე რუსეთის მოთხოვნით, ერთი კვირის წინ დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა 13 წლის შემდეგ, გასული წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.

