ბიზნესის წამოწყება ბევრის სურვილია, თუმცა ცოტა თუ ახერხებს მიზნის განხორციელებას. „მეტრონომი“ გთავაზობთ იმ მეწარმეებთან ინტერვიუს, რომელთაც არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყეს კომერციული საქმიანობა და უკვე შედეგი აქვთ.
29 წლის თათია ურუშაძე ბიზნესით ოთხი წლის წინ დაინტერესდა. მის კოსმეტიკური პროდუქციის ინტერნეტმაღაზიას სულ უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს. თუ რა გზა გაიარა და როგორი გამოცდილება მიიღო, ამის შესახებ ის „მეტრონომს“ ესაუბრა.
„მეტრონომი“: რა პროდუქტს სთავაზობთ მომხმარებელს?
თათია ურუშაძე: მომხმარებელს ვთავაზობთ ჯანსაღ და ბუნებრივ კოსმეტიკურ პროდუქციას, მცენარეული ზეთების, ეთერზეთების და სხვა სახით. ამისთვის მოვიძიეთ მომწოდებელი, რომელიც 100% ნატურალურ პროდუქციას გვიგზავნის, თავის სერთიფიკატებთან ერთად.
– როგორ დაიწყეთ ბიზნესი, რა იყო პირველი ნაბიჯები?
– ძალიან დიდი ხანია მინდოდა რაიმე ბიზნესის წამოწყება თუმცა, ვერ ვბედავდი. ერთხელაც სრულიად შემთხვევით წავაწყდი ერთ facebook გვერდს, რომელიც ნატურალურ კოსმეტიკას ჰყიდდა. მათთან რამდენიმე პროდუქტიც კი შევიძინე და კმაყოფილიც დავრჩი. შემდეგ კი ეს გვერდი ვეღარ ვიპოვე. ამან შთამაგონა, რომ მე თავად დამეწყო ეს საქმე.
თითქმის სამი წელი ვიკვლევდი ბაზარს, რომ გამეგო კოსმეტიკური საშუალებების მხრივ თუ რა შემოდის საქართველოში, როგორი ხარისხისაა და აქ ხდება თუ არა მათი წარმოება. აღმოჩნდა, რომ საქართველოში 100% ნატურალური ბუნებრივი კოსმეტიკური საშუალებების დეფიციტი იყო. ამიტომ, გადავწყვიტე მომხმარებლისთვის სწორედ ეს შემეთავაზებინა.
თავიდან კოსმეტიკური პროდუქციის სხვა ქვეყნიდან ჩამოსატანად კაპიტალი არ მქონდა. ამიტომ შევქმენი ფეისბუქის გვერდი და წინასწარი გაყიდვები დავიწყე. ეს კომფორტული არ იყო მომხმარებლისთვის და ბევრი უარსაც ამბობდა წინასწარ ჩარიცხვაზე. მაშინ არ მქონდა არც სერთიფიკატები, თუმცა გაყიდვებიდან რა მოგებაც მრჩებოდა, ვაგროვებდი. სწორედ ამ თანხით, სულ რაღაც 200 დოლარით, შევქმენი, ასე ვთქვათ, სრულყოფილი კომპანია. ამ დროისთვის უკვე პროდუქცია ადგილზე მქონდა და უფასო საკურიერო მომსახურეობაც შემეძლო შემეთავაზებინა მომხმარებლისთვის.
შემდეგ გავაკეთე ინტერნეტ მაღაზია www.myskin.ge, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს როგორც ბარათით, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით კურიერთან. გვაქვს ასევე რეგიონებში გაგზავნის სერვისიც. რაც მთავარია, გვაქვს შესაბამისი დოკუმენტაციები, რომ პროდუქცია ნამდვილად ნატურალურია, რითიც ჩვენი კომპანია ყველაზე მეტად ამაყობს.
– რა ფინანსური სირთულეები შეგხვდათ ბიზნესის განვითარებისას?
– თავიდან ფინანსური სირთულეები მუდმივად ჩნდებოდა; ახალი სალარო აპარატის, ფოტო აპარატის (პროდუქციის ინტერნეტ გვერდზე განსათავსებლად), ვებ გვერდის დამზადების თუ სხვა ხარჯებთან დაკავშირებით. თუმცა ეს ყველაფერი ნელ-ნელა შევიძინე.
– რა გზებით აწვდით მომხმარებელს ინფორმაციას თქვენი ბიზნესის შესახებ?
– გარდა იმისა, რომ გვაქვს ჩვენი ინტერნეტ მაღაზია, ასევე facebook რეკლამის საშუალებითაც ვაწვდით მომხმარებელს ინფორმაციას. მივმართავთ სხვადასხვა ფასდაკლებების საიტებს და ა.შ. ასევე, ნატურალური პროდუქციის ფესტივალზე მივიღეთ მონაწილეობა.
– რამდენი ადამიანი უძღვება ამ საქმეს?
– ეს ბიზნესი ამ ეტაპზე საოჯახოა, რადგან ჯერ მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე ვართ ჩართულები. გადანაწილებული გვაქვს ჩვენი საქმეები. ის იურიდიულად და ფორმალურად გახლავთ დირექტორი, თუმცა კურიერის მოვალეობასაც ითავსებს. მე შემოსულ ზარებს ვპასუხობ და მომხმარებელს კონსულტაციას ვუწევ. ასევე დასაქმებული გვყავს ორი ადამიანი: დამხმარე კურიერი და ბუღალტერი.
– როგორია თქვენი ბიზნესის შემოსავალი დღეს?
– ჩვენ პირველ შემოსავალთან შედარებით, სუფთა მოგება დღეს უკვე ათჯერ გაზრდილია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დასაწყისია. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ დისტრიბუცია გავზარდოთ თბილისის მასშტაბით, ასევე გვაქვს გეგმაში, რომ ჩვენი სტენდები სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში დავდგათ, სადაც მომხმარებელს შეეძლება ადგილზე ნახოს პროდუქცია და შეიძინოს.
– რას ურჩევთ მათ, ვისაც ახლა სურს დაიწყოს ბიზნესი?
– საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ვიდრე რაიმეს წამოიწყებენ, კარგად გამოიკვლიონ ბაზარი, მათი კონკურენტები, მუშაობის სპეციფიკა და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგნენ საქმეს. იმ ბიზნესთან დაკავშირებით, რომლის წამოწყებასაც აპირებთ, ყველა შესაძლო გზით მიიღეთ ინფორმაცია.
მანა ნოდია