ტელეკომპანია “იბერიას” თოქ-შოუ “პრიორიტეტში” “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ დაცვა დაუნიშნა.
ბურჯანაძის განცხადებით, გასაკვირია რატომ არ დაუნიშნა დაცვა ხელისუფლებამ მასაც, როდესაც ისიც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეა და სახელმწიფო დაცვით არასდროს უსარგებლია.
“ძალიან მაინტერესებს, რა საფრთხე ემუქრება დავით ბაქრაძეს, თუმცა ჩემი და ჩემი თანაგუნდელების დაცვაზე ივანიშვილის ხელისუფლებას არ უზრუნია, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით დიდი საფრთხის წინაშე ვიდექით, თუნდაც იგივე იმ დროს, როდესაც სააკაშვილი პრეზიდენტი იყო”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ დავით ბაქრაძეს, როგორ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, უნდა დაენიშნოს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის სპეციალური სამსახური 2017 წლის 1 დეკემბრამდე. განმარტებაში აღნიშნულია, რომ ბაქრაძის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
ტელეკომპანიასთან ინტერვიუში “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საფრთხე რეალურია, თუმცა კონკრეტიკისგან თავს იკავებენ. “ნაციონალურ მოძრაობაში” კი იმაზე საუბრობენ, რომ საფრთხე არარეალურია და შესაძლოა, საქმე ჰქონდეს “ქართულ ოცნებასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის გარიგებას.
„ევროპული საქართველო“ ჯერჯერობით არ ახმაურებს რეალურ მიზეზს, თუ ვინ და რა ემუქრება დავით ბაქრაძეს.