ბრიტანული გამოცემა Independent-ის ინფორმაციით, აშშ-ს 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბარაკ ობამას მიერ დანიშნული ყველა ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა ისე, რომ მათი შემცვლელი ჯერჯერობით არავინაა. გამოცემის ინფორმაციით, ტრამპმა მოითხოვა, რომ ყველა ელჩს თანამდებობა მისი ინაუგურაციისთანავე დაეტოვებინა.
როგორც Independent-ი წერს, ტრადიციულად ხელისუფლებაში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, ელჩები თანამდებობას ტოვებენ და საშუალებას აძლევენ ახალ პრეზიდენტს, საკუთარი შეხედულებისამებრ დანიშნოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, თუმცა, ეს პროცესი რამდენიმე თვე გრძელდება. განსხვავებით წინა პრეზიდენტებისგან, დონალდ ტრამპის გუნდის განცხადებით, გამონაკლისები არ დაიშვება და ყველა ელჩმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა.
გამოცემის ინფორმაციით, ტრამპის ამ ნაბიჯის შედეგად არაერთი ქვეყანა რჩება სენატის მიერ დამტკიცებული წარმომადგენლის გარეშე, მათ შორის ისეთი ქვეყნები, რომლებსაც ახლო ურთიერთობა აქვთ აშშ-სთან. მათ შორის არის, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, კანადა.
ცნობილია მხოლოდ რამდენიმე ელჩის ვინაობა, რომლიც უახლოეს მომავალში დაინიშნება. სამხრეთ კაროლინის გუბერნატორი ნიკი ჰეილი გაერო-ში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენელი გახდება და ის სამანტა პაუერს შეცვლის. ხოლო იურისტი დავიდ ფრიდმანი ისრაელში აშშ-ს ელჩის თანამდებობას დაიკავებს. ჩინეთში აშშ-ს ელჩის თანამდებობას აიოვას გუბერნატორი ტერი ბრანსტადი დაიკავებს.
ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომ ტრამპის ყოფილი ცოლი, ივანა ტრამპი შესაძლოა აშშ-ს ელჩი გახდეს ჩეხეთის რესპუბლიკაში. ეს გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს ტოვებს აშშ-ს ელჩი და დიპლომატიური კორპუსი.
„საქართველოს სასწრაფო წესით ტოვებს აშშ-ის ელჩი და დიპლომატიური კორპუსი, რომლებიც ძირითადად ნაცებს “აპრავებდნენ”! ტრამპი მიდის მოსკოვში! მსოფლიო ახლებურად გადანაწილდა! ნუ შეუშინდები, ძვირფასო მთავრობავ, 27 რეტროგრადის ყიჟინას!
საქართველოს ჯერ კიდევ აქვს დრო, საკუთარი სიტყვა თქვას და ამაყად შევხვდეს ახალ დროებას! და როგორც ბებიაჩემი იტყოდა, როცა შეგიძლია თეთრ ცხენზე ამხედრდე, ნუ აღმოჩნდები ნაცრისფერი ვირის გენიტალიების ქვეშ!
გაიღვიძე, ერო,
ცხოვრება მშვენიერია!“ – წერს მოროშკინა.
„მეტრონომი“ დაუკავშირდა მოროშკინას, რომელმაც განაცხადა, რომ ინფორმაცია იან კელის საქართველოდან წასვლის შესახებ მან მედიით მიიღო.