ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

„მეტრონომი“ აქციიდან: „შეაჩერეთ ფსიქიატრიული სისტემის ნგრევა“ (ვიდეო)

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან  აქციიით ფსიქიატრიული სერვისების დახურვას აპროტესტებენ.

როგორც „მეტრონომს“ აქციის ორგანიზატორმა, „საერთაშორისო დემოკრტიული განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ იარაჯულმა განუცხადა, ჯანდაცვის მინისტრს დაავიწყდა, რომ პაციენტების უკან ძალიან ძლიერი თემი დგას, რომლებიც  სისტემაზე ასეთ დარტყმას არავინ აპატიებს.

„უპირველეს ყოვლისა, მე ვარ 6 წლის აუტისტი ბავშვის დედა. ჯანდაცვის მინისტრ, დავით სერგეენკოს დაავიწყდა, რომ ამ პაციენტების უკან ძალიან ძლიერი თემი დგას და ამის უფლებას, რაც დღეს სისტემას მიაყენეს დარტყმა, არავინ არ მისცემს. აუცილებლად ამას მოჰყვება უპირველესი ზომები. დროის ათვლა დაიწყეს მათ და 90 პაციენტი დატოვეს ქუჩაში, მაგრამ ამ წუთიდან დროის ათვლა ჯანდაცვას დაეწყო. არასოდეს იმ ფენას, რომელსაც მათ ხელი კრეს და დიდი ხანია უკვე მედიკამენტსაც კი გამოზომილად აწვდიან, არ მივცემთ უფლებას, რომ ქუჩაში დარჩნენ. ეს აუცილებლად უნდა იცოდნენ მათ. ჩვენ არ გვინდა ციხეები, ჩვენ გადავდიოდით დასავლურ მოდელზე, გადავდიოდით სათემო სისტემებზე, დაგვაბრუნეს უკან, ძალიან ცუდი გაგებით „საგიჟეთში“. ამის უფლებას ნამდვილად არ მივცემთ არავის. ვერ გამოგვამწყვდევენ გისოსებში. ჩვენ დავწერეთ განცხადება და ჩავაბარეთ ბატონი დავითის სახელზე. იმედია დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას და არამარტო შეაჩერებს, არამედ აღადგენს იმ განყოფილებას, რომელიც ჩვენთვის ფუფუნება იყო“- განაცხადა თამარ იარაჯულმა.

2

როგორც აქციის მონაწილეებმა  „მეტრონომს“ განუცხადეს, სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის არ ზრუნავს.  „პარტნიორობა ადამიანთა უფლებებისთვის“ წარმომადგენელის, ანა არგანაშვილის განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნაა გადაიხედოს არამხოლოდ აღნიშნული გადაწყვეტილება, არამედ, ზოგადად, რა დაფინანსება აქვს ფისიქიკური ჯანმრთელობის სფეროს.

„ჩვენი აქ მოსვლის მიზეზი გახლავთ ის, რომ 2016 წლის ფაქტობრივად ბოლო დღეს, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო და გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს და ძალიან სერიოზული დარტყმის ქვეშ აყენებს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის რეფორმას. კერძოდ, მათ დაფინანსება შეუმცირეს საავადმყოფოებში განთავსებულ კრიზისული ინტერვეციის ცენტრებს, სადაც მწვავე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები მიდიან. ამის შემდეგ , შემცირებული დაფინანსების გამო საავადმყოფოებმა უარი თქვეს მომსახურების გაწევაზე.  აქამდე ჩვენ სახელმწიფოს ჰქონდა გაცხადებული პოლიტიკა, რომ ამ ადამიანების ინტეგრაცია უნდა მომხდარიყო საზოგადოებაში. ახლა ისევ უკან დავბრუნდით, როგორც კომუნიზმში ხდებოდა და მოხდება მხოლოდ დიდი ფსიქიატრიულების მხარდაჭერა და აშენება. რაც აქამდე გაკეთებულა, იმას თუ ხაზს გადაუსვამ, ეს ნიშნავს, რომ უკან მიდიხარ. სწორედ ეს არის ჩვენი შეშფითების მიზეზი.

მოვითხოვთ რომ გადაიხედოს არამხოლოდ ეს გადაწყვეტილება, არამედ, ზოგადად გადაიხედოს რა დაფინანსება აქვს ფისიქიკური ჯანმრთელობის სფეროს. ეს არ არის მხოლოდ იმ პატარა ჯგუფის პრობლემა, ვისაც ფისიქიკური პრობლემები აქვს, ეს საზოგადოების პრობლემაა. დაფინანსება აუცილებლად უნდა გაიზარდოს და გაუტოლდეს განვითარებულ ქვეყნებს“- განაცადა ანა არგანაშვილმა.

ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელი პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს, რომ პრობლემა მოაგვაროს.

„მეხუთე სამოქმედო წელი დაიწყო მთავრობისთვის და  როცა ხუთ მილიონს რიცხავ „აეროსმისტის“ კონცერტში და ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებისთვის ზოგავ თანხას, ეს მგონი, ქვეყნის სახეს აჩვენებს. მზად ვარ ჩემი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილით კანცელარიასთან შიმშილი დავიწყო. იქნებ როგორმე ყურადღება მივიქციო. ბიუჯეტი მარტო ამ ადამიანებისთის აღარ აქვთ? პრემიები გაისამმაგეს. ენანებათ ფული შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისთვის, პენსიონერებისთვის… ეს ქვეყნის სირცხვილია.  მინდა პრემიერს მივმართო, რომელსაც ხელში გადავეცი პეტიცია სამი თვის წინ და არანაირი გამოხმაურებაა. ეს ნიშნავს, რომ პასუხს არავინ აგებს“ – განაცხადა „მეტრონომთან“ აქციის მონაწილე მშობელმა.

3

აქციის მონაწილეები ითხოვენ,  რომ მათ ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაუროს. აქტივისტებს ასევე შეუერთნენ „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია, „რესპუბლიკური პარტიის წევრი“ ხათუნა სამნიძე. აქციაზე იმყოფება ასევე „თავისუფალი ზონის“ დამფუძნებელი კობა ხაბაზი.

ამ წუთებში აქციის 5 მონაწილე ჯანდაცვის სამინისტროში უწყების წარმომადგენელს ხვდება.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსების წესის ცვლილებამ, საქართველოში კერძო კლინიკების ფსიქიატრიული განყოფილებების დახურვა ან კერძო მომსახურებაზე გადასვლა გამოიწვია.

საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად ფსიქიური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის მიხედვით შესრულებული სამუშაოს დაფინანსების წესში შეტანილია ცვლილებები. ცვლილების მიხედვით გათვალისწინებულია პროგრამული სახსრების ეფექტიანობის ზრდა, როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული მდგომარეობების მიმართულებით.

ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ღუდუშაურის კლინიკამაც და განმარტა, რომ დაფინანსების ახალი წესი კლინიკას ფინანსურად აზარალებდა. ამიტომ წყვეტდა სახელწმიფო მომსახურების გაგრძელებას და სამომავლოდ, სავარაუდოდ, მსურველებს კერძო მომსახურებას შესთავაზებდა.

 

“სამწუხაროდ, ასეთი მოცულობის ფსიქიატრიული სტაციონარული ქვედანაყოფის მოწყობა ამ ეტაპზე ღუდუშაურის ცენტრში შეუძლებელია. ერთის მხრივ, ვაცნობიერებთ, რომ სახელმწიფო პროგრამის სახსრები ვერ იქნება მიმართული ცალკეული კლინიკის ინტერესის მიხედვით; მეორეს მხრივ, ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ფსიქიატრიული დახმარების სტაციონარულ ქსელში არსებობს საკმარისი სიმძლავრე პაციენტებისათვის საჭირო მკურნალობის შეუფერხებელი ჩატარებისათვის და პაციენტებს არ შეექმნებათ სერვისის მიღების პრობლემა. ღუდუშაურის ცენტრი 2017 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის სტაციონარული დახმარების კომპონენტით განსაზღვრულ მომსახურებას აღარ მიაწვდის. ცენტრის ადმინისტრაცია მუშაობს იმ საკითხზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს არსებული განყოფილების ბაზაზე სახელმწიფო პროგრამის გარეთ დარჩენილი სერვისების მიწოდებისათვის საჭირო სიმძლავრეები”, – აღნიშნულია ღუდუშაურის კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დარგის სპეციალისტების შეფასებით, ამან ფსიქიატრიული სერვისების კოლაფსი გამოიწვია და მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას.

სპეციალისტები ავრცელებენ მანიფესტს “დავიცვათ ფსიქიკური ჯანმრთელობა!” და მიმართავენ პარლამენტსა და ჯანდაცვის სამინისტროს.

ნინო ცხადაია

სხვა ამბები

აფხაზავა – თავს გამარჯვებულად ვგრძნობ, რადგან შევძელი მსოფლიოსათვის გადამეცა ქართველი მასწავლებლის სათქმელი

newsadmin

აფხაზავა – ჩვენს ქვეყანას ჰყავს აფხაზავა და სწორედ მის გამო უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს

newsadmin

მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი კენიელი პიტერ ტუბიში გახდა

newsadmin

დუბაიში მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოებისთვის ემზადებიან

newsadmin

ნატო-ს გენერალური მდივანი თბილისს ეწვია

newsadmin

გვარამია – ჩემთვის ნაცები არიან ამ ხელისუფლების შესაცვლელი პლატფორმა

newsadmin
იტვირთბა....