ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი დარწმუნებულია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთან მტკიცე ურთიერთობებს და პარტნიორობას კვლავ განაგრძობს.
მის თქმით, ჯერ სახელმწიფო მდივანი არ დანიშნულა და შესაბამისად ქვეყანა რა პოლიტიკურ კურსს აირჩევს უცნობია. თუმცა, ელჩი დარწმუნებულია, რომ საქართველოსთან ურთიერთობა უფრო გაღრმავდება.
“ჯერ სახელმწიფო მდივანი არ დანიშნულა, ამიტომ წინასწარ დასკვნების გამოტანისგან თავის შეკავება სჯობს. მაგრამ სრულიად დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები დარჩება მტკიცე და ვფიქრობ, კიდევ უფრო გაძლიერდება”,- განაცხადა იან კელიმ.
რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, იან კელის თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთახმების მიმართულებით რაიმე სიახლე არ არის, თუმცა ზოგადად ტრამპის ადმინისტრაციამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებები გამართოს.