პარლამენტში დღეს დახურულ კარს მიღმა, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეები იმ ძირითად საკითხებზე შეთანხმდნენ, რომლებზეც შემდგომ სხდომებზე დეტალურად იმსჯელებენ.
საუბარია სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის წესსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილის წინადადებაზე. ტელევიზიაში დასაქმებული ადამიანები ბორდისა და დირექტორის უფლებამოსილებების გამიჯვნას ითხოვენ.
„მთავრი ამოცანა არის, რომ საზოგადოებრეივი მაუწყებლის საქმიანობის მკაფიო განსაზღვრა მოხდეს. ის იმ ძირითად არსს გამოხატავდეს, რაც კანონით არის დადგენილი, რათა მას ხელი არ შეეშალოს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და პირუთვნელად ემსახუროს საზოგადოებრივ ინტერესებს,“ – აცხადებს ეკა ბესელია.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ირინა ფუტკარაძე, აღნიშნავს, რომ ბორდის და დირექტორის ფუნქციები გამიჯნული უნდა იყოს, რაზეც სამეურვეო საბჭოში სამუშაოები დაწყებულია.
შეხვედრას თანამშრომლები და დეპუტატები ესწრებოდნენ, ხოლო სამომავლოდ პროცესში ექსპერტების ჩართვაც იგეგმება.