ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ბანკებს სესხების გასალარებლად 2000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე მიმართა

გალარების დაწყებიდან მესამე დღეს, საქართველოს კომერციულ ბანკებს სესხების გასალარებლად 2000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის, ზურაბ გვასალიას განცხადებით,  100-ზე მეტმა საკუთარი სადოლარე სესხი უკვე გაალარა. საშუალო პროცენტი, რომელიც გალარებისას დაფიქსირდა, 10-11 პროცენტია.

„ვფიქრობთ, გალარების პროგრამით პოტენციური მონაწილეების მაქსიმალური რაოდენობა ისარგებლებს. მხოლოდ სამი დღეა გასული, ბანკებში კი არ წყდება სატელეფონო ზარები, ხოლო მიმართვიანობამ 2000-ს გადააჭარბა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბანკებს ჯერ არ დაუსრულებიათ გალარების პროგრამის პოტენციური მონაწილეების მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ინფორმირება. მოსახლეობა ძალიან აქტიურია, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ მათთვის საინტერესო და მისაღებია საბანკო სესხების იმ ვალუტაში გადმოტანა, რომელშიც შემოსავალი აქვს“, – განაცხადა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ სესხების გალარების სამთავრობო პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და 2 თვეს გასტანს. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მათ, ვინც უძრავი ქონების უზრუნველყოფით აშშ დოლარში საბანკო სესხი 2015 წლის 1-ელ იანვრამდე აიღო. გარდა ამისა,  წლიური შემოსავალი 2015 წლისათვის 100,000 ლარს, ხოლო სესხის დარჩენილი ოდენობა 100,000 აშშ დოლარს არ უნდა აღემატებოდეს. მაქსიმალური თანხა, რომელსაც გალარება შეეხება, 40,000 აშშ დოლარია.

იტვირთბა....