ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

“ქუჩიდან იღებენ პაციენტს და ქუჩაშივე უშვებენ”:სერგეენკო რიგ კლინიკებთან თანამშრომლობას შეწყვეტის შესა

“იკვეთება კლინიკები, რომელშიც  ჩვენს მიერ გადახდილი თანხების უდიდესი ნაწილი მიემართება ე.წ. არაპირდაპირი ხარჯებისკენ”,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა  დავით სერგეენკომ  დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა. მისი განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეპრესიული მეთოდები არასდროს გამოუყენებია, რამაც რიგ კლინიკებს მცდარი მოლოდინები შეუქმნა:

“ჯანდაცვის სამინისტროს არც ერთხელ გამოუყენებია რეპრესიული მეთოდები, სამაგალითო დასჯები და არც მომავალში ვაპირებთ ამის გაკეთებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ დაიცავს სახელმწიფო ინტერესებს.

ჩვენმა ასეთმა მიდგომამ რიგ კლინიკებს მცდარი მოლოდინები შეუქმნა. მათ დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ მეტი თანხა დაეხარჯათ მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდებზე და მინიმალური მიემართათ პაციენტებისთვის. ამის ატანას არც ვაპირებდით და არც ვაპირებთ მომავალში.

ანალიზის შედეგად დავინახეთ, რომ იკვეთება კლინიკები,რომელშიც  ჩვენს მიერ გადახდილი თანხების უდიდესი ნაწილი მიემართება ე.წ. არაპირდაპირი ხარჯებისკენ, რაც არის მენეჯმენტის და მმართველების მოგება და მინიმალური ნაწილი მიემართება პაციენტის მოვლისკენ, იმ ექიმების, ექნთების და მედპერსონალის ანაზღაურებისკენ, ვინც უშუალოდ უვლის პაციენტებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებით ვერანაირად მომართულები, რომ ასეთ კლინიკებთან გავაგრძელოთ თანამშრომლობა. იკვეთება კლინიკები, რომლებმაც არარსებული ნონსენსი მოიფიქრეს და ისეთი ფრაგმენტული სერვისები დააფუძნეს, როგორც არის მაგალითად, მხოლოდ რეანიმაციული განყოფილება – ქუჩიდან იღებენ პაციენტს და ქუჩაშივე უშვებენ. ასეთი ფრაგმენტული სერვისების მომწოდებლებთან ვერ ვიქნებით მომართულები, რომ გავაგრძელოთ ურთიერთობა.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მოწესრიგებულად იხდის თანხებს და თავისთავად ცხადია, რომ არა ყველა მოთხოვნილ თანხას (აქ ანალიზი კეთდება და რასაც ვთვლით, რომ არაჯეროვნად მოთხოვნილია თანხა, იმ ნაწილს ვაჩერებთ), იკვეთება სიტუაციები, როდესაც თითქმის 90% გადახდილია მოთხოვნილი თანხის, 10% დარჩენილია როგორც სადავო და კლინიკის მენეჯმენტი ამას იყენებს საფუძვლად, რომ ექიმებს და ექთნებს უთხრას, რომ სახელმწიფო არ გვიხდის ფულს, გვიგვიანებს და ამიტომ ვერ გაძლევთ ხელფასებს. ამ დროს, 90% გადახდილი გვაქვს და 10%-იც ძალიან მალე მოგვარდებოდა, რომ ამ კლინიკებთან საქმიანი ურთიერთთანამშრომლობა გვქონოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებით მომართული ასეთ კლინიკებთან გავაგრძელოთ ისეთივე ურთიერთობები, როგორც იყო.

ეს მსჯელობა და საუბარი არ მოიაზრებს იმას, რომ რეფორმის რომელიმე მიმართულება რომელიმე კლინიკის პოზიციის გამო შეიცვლება. ეს არის ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში განხორციელდება. ეს იქნება იმ ლეგალური ინსტრუმენტების კომპლექსი, რომლის მთავარი ამოცანა შეიძლება გამოისახოს ერთი სიტყვით: ეს არის პაციენტის მოვლის ხარისხი, ხარისხი და კიდევ ერთხელ ხარისხი“, – განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.

იტვირთბა....