ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მომაწოდეს ინფორმაცია“: პატრიარქის ქორეპისკოპოსის ლიკვიდაცია იგეგმებოდა

“დაგეგმილი მკვლელობა გურამ შარაძის გახმაურებული მკვლელობის მიახლოებით ანალოგს ჰგავს”

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ასაჯაროებს, რომლის მიხედვით, ვიცე-პოლკოვნიკ ზაზა ქვარაიას ბოდბელ ეპისკოპოსზე, პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობზე, მისი ლიკვიდაციის მიზნით, შეიარაღებულ თავდასხმას აიძულებდნენ:

“საგანგაშო ინფორმაცია მომეწოდა, წყარომ ჩემთან მიმართებაშიც კი ანონიმურობა არჩია, თუმცა, მთავარი წყარო კი არა, ამბავია.

„რა ხდება ქართულ ჯარში?!“ დასათაურებით, წყაროსთვის არსებული ინფორმაციის თანახმად, ბოდბის დედათა მონასტერში ჩასული იყო თავდაცვის სამინისტროს (გენერალური შტაბის) მაღალი რანგის მოქმედი ოფიცერი ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ქვარაია, სადაც ერთ-ერთ პირთან საუბრისას აღუნიშნავს, თითქოსდა აპირებდა ბოდბელ ეპისკოპოსზე, პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობზე შეიარაღებულ თავდასხმას მისი ლიკვიდაციის მიზნით.

ამავე ანონიმური წყაროს ინფორმაციით, ზაზა ქვარაიას საბრძოლო გამოცდილება მიღებული აქვს კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში და გადამდგარი გენერლის ვალერი ქვარაიას შვილია, ასევე უშიშროების სამხედრო კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის ლერი ქვარაიას ძმა. წყაროს ინფორმაციით, ამჟამად ლერი ქვარაია ქალაქის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილეა.

წყაროს მიერ მითითებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ზაზა ქვარაიას გადმოცემით, მას აიძულებდნენ აღნიშნული ქმედების ჩატარებას (პატრიარქის ქორეპისკოპოსის ლიკვიდაციას), ხოლო შემდგომ, სავარაუდოდ, გამოაცხადებდნენ შეურაცხადად.

წყარო აცხადებს, რომ ეპისკოპისის დაგეგმილი მკვლელობა გურამ შარაძის გახმაურებული მკვლელობის მიახლოებით ანალოგს ჰგავს, სადაც დამნაშავედ ცნობილი იქნა გიორგი ბარათელი, რომელზედაც ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, აქვს მენტალობის პრობლემა.

ჩემთვის ნამდვილად უცნობია თითოეული პირი, რომელიც წყაროს ინფორმაციაშია მითითებული, პირადად ისიც კი არ ვიცი, არსებობენ თუ არა, რამდენადაც შეხება არასდროს მქონია; შესაბამის უწყებებს ვთხოვ, რომ შეისწავლონ ინფორმაცია, დაადასტურონ ან უარყონ და მიმართონ მოკვლევისათვის პატრიარქის ქორეპისკოპოსს. ასევე, როგორც მოქალაქე, ვითხოვ, რომ დაცული იყოს პატრიარქის ქორეპისკოპოსის უსაფრთხოება, რამდენადაც არსებობს უკვე ინფორმაცია მისი შესაძლო ლიკვიდაციის გეგმის შესახებ”, – წერს გამზარდია სოციალურ ქსელში.

ინფორმაციას ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობის გვერდის ადმინისტრაცია ეხმაურება:

“ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ დავუკავშირდით მეუფე იაკობს, რომელმაც დაადასტურა, რომ ზაზა ქვარაია 7 იანვარს ნამდვილად იმყოფებოდა ბოდბის მონასტერში.

მეუფეს 9 იანვარს დილით დაუკავშირდა ძველი თბილისის პოლიციის ძებნის განყოფილების უფროსი კახა გალდავა. როგორც გალდავამ აღნიშნა, 6 იანვრის საღამოდან ბოდბეში გამოჩენამდე ამ პიროვნების ადგილსამყოფელი უცნობი იყო და მასზე ოფიციალურად გამოცხადებულია ძებნა.

ადგილზე, ეპარქიის სხვადასხვა მონასტრებში ძებნას ახორციელებდა შსს და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია. მეუფემ განაცხადა, რომ მისთვის ძებნის შედეგები უცნობია”, – აღნიშნულია გვერდის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში მოგვიანებით  წერს:

„ერთადერთი უწყება, რომელიც დაინტერესდა პატრიარქის ქორეპისკოპოსზე შესაძლო თავდასხმის თემით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია აღმოჩნდა. არც პროკურატურა შეხმიანებია პატრიარქის ქორეპისკოპოსს, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც სახალხო დამცველი.

პატივცემულო ხელისუფლებავ, არსებობს ინფორმაცია რომ შესაძლოა საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციას გეგმავდნენ, სავარაუდო პირი გაუჩინარებული იყო თურმე 7 იანვრიდან, ასევე დააფიქსირეს ის პირი იმ ეპარქიაში-ბოდბეში, სადაც შესაძლოა იგეგმებოდა ბოდბის ეპისკოპოსის ლიკვიდაცია, შემდეგ ისევ ქრება ეს ადამიანი. 15 იანვარს ვრცელდება ინფორმაცია ქორეპისკოპოსის შესაძლო ლიკვიდაციის თემაზე, დასახელებული პირი რეალური პირი აღმოჩნდა, რომელი 16 იანვარს აღმოაჩინეს დასავლეთ საქართველოში.

ბევრი ფაქტი ერთმანეთზე საეჭვოდ ლაგდება და შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა კი ამ წუთამდე არ შეხმიანებია შესაძლო მსხვერპლს – პატრიარქის ქორეპისკოპოსს. არ გაკეთებულა არცერთი ოფიციალური განცხადება. არც დადასტურებულა ინფორმაცია და არც უარყოფილა.

მე მგონია, რომ ამგვარი გულგრილობა მეტი ეჭვის შექმნას გამოიწვევს შესაბამისი უწყებების კუთხით და დასახელებულ რისკთან მიმართებაში.“ – წერს გამზარდია.

როგორც “მეტრონომს” საპატრიარქოში განუცხადეს, აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობენ. ასევე, ახალი აღმოჩნდა ინფორმაცია პატრიარქის მდივნისთვის, მამა მიქაელ ბოტკოველისთვისაც. როგორც მან “მეტრონომს” განუმარტა, ამის შესახებ არ სმენია და კომენტარი  მეუფე იაკობმა უნდა გააკეთოს. მეუფე იაკობის ადმინისტრაციის პასუხი ჩვენ ზემოთ შემოგთავაზეთ.

განახლება: ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პროკურატურა დაინტერესდა და ის გამოკითხვაზეა დაბარებული.

„მეტრონომი“ აუცილებლად მოგაწვდით შს სამინისტროს პოზიციას მიმდინარე ინფორმაციასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....