ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს შესაძლოა უფლებამოსილება გაეზარდოს

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების გაზრდას ითხოვენ.

მათ პარლამენტში „მაუწყებლობის კანონში“ ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირეს.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება მცირდება, გენერალური დირექტორის კი, იზრდება.

კერძოდ, საკანონმდებლო წინადადების ინიციატორების აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებასა და ბიუჯეტში ცვლილების შეტანა არ უნდა განხორციელდეს სამეურვეო საბჭოს მიერ საკუთარი ინიციატივის საფუძველზე, რადგან მათი თქმით, აღნიშნული წესი არღვევს ხელმძღვანელ ორგანოთა ბალანსს და უკიდურესად ზღუდავს დირექტორის უფლება-მოვალეობებს.

წინადადების ავტორები ითხოვენ, სამეურვეო საბჭოს მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითადი პირობების, მათ შორის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობების დადგენის უფლებამოსილება აღარ ჰქონდეს.

ავტორთა მოსაზრებით, აღნიშნული ნორმა არის მენეჯმენტის მარეგულირებელი, რაც გენერალური დირექტორის ფუნქციაა და ამით იზღუდება დირექტორის უფლებამოსილებები.

ინიციატორები მიიჩნევენ, რომ მიზანშეწონილი იქნება, გენერალურ დირექტორს მიეცეს მოქმედების თავისუფლება შრომითი ხელშეკრულებების პირობების განსაზღვრის სფეროში.

„გენერალური დირექტორის უფლებამოსილება უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითადი პირობების, მათ შორის, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობების დადგენა, უნდა აღინიშნოს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ კანონის თანახმად, გენერალური დირექტორი წარმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლობის საქმიანობას, ამასთან, სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშტატო განრიგსა და თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოებს, სახელფასო ფონდს, მათ შორის, საპრემიო ფონდს და პრემიების ზღვრულ ოდენობებს, რითაც სამეურვეო საბჭოს რჩება ფინანსური კონტროლის მექანიზმი გენერალური დირექტორის მიერ შრომითი ხელშეკრულებების დადებაზე, ამასთან, იმის გათვალისწინებითაც, რომ თავად კანონი ადგენს გარკვეულ პირობებს შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან მიმართებით, კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 1 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს, გარდა საინჟინრო-ტექნიკური მუშაკებისა, რომელთა შრომითი ხელშეკრულების ვადა 5 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს (გამონაკლისია ისეთი პროგრამების შესრულებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადაც 1 წელზე ნაკლებია), მიზანშეწონილი იქნება, რომ გენერალურ დირექტორს მიეცეს მოქმედების თავისუფლება შრომითი ხელშეკრულებების პირობების განსაზღვრის სფეროში“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

როგორც ავტორები ამბობენ, აღნიშნული ხარვეზები ხელს უშლის საზოგადოებრივი მაუწყებლის ნორმალურ ფუნქციონირებას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით საქართველოს კანონის პროექტის მოსამზადებლად უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა და აღნიშნულ სფეროში მოღვაწე სპეციალისტების ფართო ჩართულობით.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის ფორმირება და სამუშაო პროცესის ორგანიზება მოხდება კომიტეტის თავმჯდომარის მიერ.

იტვირთბა....