ბოლო სამი კვირის მანძილზე, თბილისში, ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით რამდენიმე ახალგაზრდა გარდაიცვალა. გაზეთ „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გარდაცვალების ფაქტები ახალი წლის დღეებში დაფიქსირდა დიდუბის, ნაძალადევისა და საბურთალოს რაიონებში.
როგორც გამოცემა წერს, ახალგაზრდების სიცოცხლე ახალმა ნარკოტიკულმა საშუალებებმა გამოიწვიეს, რომელიც შესაძლოა საქართველოში მზადდებოდეს. ამ ნარკოტიკის სახეობა დაახლოებით ცნობილია, ცნობილია ასევე მისი მოხმარების მეთოდი, რომლის დასახელებისგან გამოცემა თავს იკავებს. როგორც სტატიაში წერია, ახალი ნარკოტიკული საშუალება იწვევს გამოხატულ ლტოლვასა და ჰალუცინაციებს.
გამოცემა დაინტერესდა რა გზებით ხვდება „მკვლელი“ ნარკოტიკი საქართველოში და რამდენად ხელმისაწვდომია ის. როგორც გამოცემას რამდენიმე ნარკომომხმარებელმა განუცხადა, ახალი მომაკვდინებელი ნარკოტიკი საქართველოში კუსტარულად მზადდება და მისი გასაღება ინტერნეტის საშუალებით ხორციელდება. მისი ფასი კი 200 ლარიდან 600 ლარამდე მერყეობს. ამ თანხით კი რაოდენობრივად ბევრი, თუმცა, სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერება მოსდით.
აღსანიშნავია, ასევე ისიც, რომ აღნიშნული ნარკოტიკის მოხმარების ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებულია. მას ნახევარ საათში ერთხელ მოიხმარენ, რადგან მისი ე.წ. ნარკოტიკული თრობის ხანგრძლივობა 15 წუთიდან ნახევარ საათამდე გრძელდება. ნარკოლოგები აცხადებენ, რომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომლის მოხმარების მაჩვენებელიც წინასაახალწლო დღეებში გაიზარდა, დამოკიდებულებას მალევე იწვევს. ის განსაკუთრებით საშიშია ჯანმრთელობისთვის.
სპეციალისტების თქმით, იწვევს ტაქიკარდიას, რამაც შესაძლოა, გულის მუშაობის ბლოკირება მოახდინოს. „ახალ ნარკოტიკს ახასიათებს შფოთვა, აგრესიული და არადეკვატური ქცევები. შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები და ამ ყველაფერმა შესაძლოა, ლეტალური შედეგი დააყენოს. ელვისებური სისწრაფით შეიძლება დამძიმდეს ადამიანის მდგომარეობა და გამოიწვიოს სიკვდილი ისე, რომ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაც ვერ მოესწროს“, – განაცხადა ნარკოლოგმა ხათუნა თოდაძემ. .