“დამაკავეს ისე, თითქოს ვიღაც კრიმინალური ავტორიტეტი ვიყო, სპეცრაზმის გამოყენებით, “ჯავშანჟილეტებით“, ჯაჯგურით და ათასი უბედურებით. მაბრალებენ იმას, რაც მე დავიწყე ამ ქვეყანაში – ქოლცენტრების მხილება. მაბრალებენ, რომ ამას თურმე იმიტომ ვაკეთებდი, რომ ხელი შემეშალა კონკურენტების საქმიანობაში, როცა ჩემს მიერ მხილებული ქოლცენტრებიდან არავინ დასჯილა.
და ყველაზე მთავარი – ორგანიზებული ჯგუფის წევრად ვარ გამოყვანილი, რომლის სამ წევრს ფიზიკურად არ ვიცნობ. ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, არ ვიცნობ მიხეილ ჩოხელს, გიორგი მიქაძე გავიცანი პროცესზე, დათო მიქაძეს და ირაკლი სეხნიაშვილს ვიცნობ – ჩემი მეგობრები არიან. ანუ ჩემი დანაშაული ამ საქმეში არის ის, რომ დათო მიქაძის მეგობარი ვარ და ჯანგველაძის მკვლელობას ვაშუქებდი ისე, როგორც ვაშუქებდი და მაინც გავაგრძელებ მაგის გაშუქებას როგორმე…
მაგრამ რატომ უნდა დაიხუროს სხდომა? რას ვმალავ ჩემი კოლეგებისგან და ჩემი თანამშრომლებისგან? დარბაზში ჩემი კოლეგები და თანამშრომლები სხედან და მე მინდა რომ ამ ადამიანებს პირდაპირ და ღიად ველაპარაკო. ჩვენი პროფესია საჯაროობაზეა დაფუძნებული. დღეს პროკურატურა გახდა რაღაცა ჩაკეტილი სივრცე… ეს მარტო ამ საქმეში არ არის… რაც მას უნდა, იმაზე ლაპარაკობს საჯაროდ და რაც მას არ უნდა, სხვა ადამიანებს ართმევს საუბრის საშუალებას.
და ძაან დიდი ბოდიში, ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩემს მიმართ დაინტერესება აქვს სუს-ის უფროსს მამუკა მდინარაძეს მთავარი პროკურორი არის მისი დანიშნული, მისი მეგობარი კურსელი. მესმის ყველაფერი, რომ ეს საჯაროობა თქვენს ინტერესებში არ შედის, მაგრამ საჯაროობა შედის ჩემს ინტერესებში. იმიტომ, რომ მე ამ რეპუტაციით ამ ქვეყანაში ცხოვრებას არ ვაპირებ, ისევე როგორც არანაირ საპროცესო გარიგებაზე, არანაირ აღიარებაზე და არანაირ კომპრომისზე ამ საქმეში არ წავალ, იმიტომ რომ სასწორზე დევს ჩემი, როგორც ჟურნალისტის სახელი და გვარი და მე ამ ცხოვრებაში არაფერი მეტი არ შემიქმნია.
გამომძიებლები რომ მობრძანდნენ, ეგონათ რომ მოდიოდნენ სასახლეში და ოროთახიანი ბინა დახვდათ. რატომ უნდა იყოს [პროცესი] დახურული? არ ვეთანხმები შუამდგომლობას და მე მინდა საჯაროობა” [ნეტგაზეთი] | თქვა ელისო კილაძემ სასამართლო პროცესზე, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ
ელისო კილაძე 18 თებერვალს ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს.
ჟურნალისტთან ერთად ამავე საქმეზე ბრალდებულია ყოფილი გენ.პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ძმები დავით და გიორგი მიქაძეები. პროკურატურის ვერსიით, კილაძე ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან მსგავსი რისკის არსებობის შემთხვევაში, დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას უზრუნველყოფდა. ქრონიკა პლუსის დამფუძნებელი ბრალს არ აღიარებს, იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში ის წერს, რომ „არანაირი დანაშაულებრივი ჯგუფი არ არსებობდა, არც შენობაში ქოლ-ცენტრების არსებობა იცოდა“.

