ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2016 წლის ივლისის შემდეგ, პირველად უპასუხა ჟურნალისტებს. ნიუ-იორკში, ტრამპ თაუერის მისაღებში გამართულ პრესკონფერენციას 250-ზე მეტი ჟურნალისტი ესწრებოდა.
შეკითხვების დიდი ნაწილი იმ გავრცელებულ ინფორმაციას შეეხებოდა, რომლის თანახმად, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები ფლობენ ტრამპის მაკომპრომეტირებელ მასალებს. აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი აღნიშნულს “სიყალბეს” უწოდებს და ამბობს, რომ ასეთი რამ არ მომხდარა:
“წავიკითხე რაც გამოქვეყნდა და ვფიქრობ, რომ ეს სამარცხვინოა. ეს ყალბი ამბავია, ავადმყოფებმა იაფფასიანი მასალა ერთად მოაგროვეს”.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის დამადასტურებელი დოკუმენტები არასოდეს დაწერილა და არასოდეს გამოქვეყნებულა.
დონალდ ტრამპმა SNN-ის ჟურნლისტს კითხვის დასმის უფლება არ მისცა და მას უთხრა რომ მისი მედია ორგანიზაცია “ყალბ ამბებს” წერს.
მოგვიანებით, BBS-ის ჟურნალისტის წარდგენისას, ტრამპმა მას “მეორე საოცრება” უწოდა და მის კითხვას ძალიან მოკლედ უპასუხა.
გავრცელებული ცნობით, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები ფლობენ ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მაკომპრომეტირებელ მასალებს, მათ შორის ფინანსებთან დაკავშირებით.
SNN-ის ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელებმა გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტს, ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპს მიაწოდეს. ამ შეხვედრის შესახებ, რომელზეც ინფორმაცია ჯერ არ გასაჯაროებულა, SNN რამდენიმე მნიშვნელოვან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომელთა შორის არიან როგორც კონგრესის, ისე უშიშროების სამსახურების მაღალჩინოსნები.
ტელეარხის ცნობით, ობამასა და ტრამპს შეხვდნენ ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები, რომლებმაც შეხვედრაზე წარმოადგინეს 35-გვერდიანი საიდუმლო ანგარიშის ორგვერდიანი დასკვნა.