ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

კახა კალაძე  “გაზმპრომთან” დათმობაზე წასვლას უარყოფს

ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის აზრით, საქართველოს რუსეთის მხარესთან მოლაპარაკებების დროს პოზიციების დათმობაზე არ წასულა.

„ჩვენ დღეს ხელშეკრულება არ გვაქვს. მას 31 დეკემბერს გაუვიდა ვადა. თქვენ იცით, რომ მათი მოთხოვნა იყო გადავსულიყავით ფინანსურ ანაზღაურებაზე, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, ტრანზიტის საფასურის გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვერ შევთანხმდებოდით, ჩვენ შეგვეძლებოდა გაგვეგრძელებინა ბუნებრივი აირის წამოღება არაკანონიერად, ანუ მოგვეპარა მილში გატარებული ბუნებრივი აირი. შემდეგ ამას მოჰყვებოდა სასამართლო დავა და ეს გაცილებით დიდი ზიანის მომტანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის,“-განაცხადა კახა კალაძემ.

ფინანსთა მინისტრ  დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, მიღწეული შეთანხმება არის მაქსიმუმი, რაც ამ პირობებში შესაძლებელი იყო, რომ გაკეთებულიყო და საქართველომ ენერგეტიკული უსაფრთხოება სრულად შეინარჩუნა. მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორად კვლავ აზერბაიჯანი რჩება.

ცნობისთვის, საქართველო გაზპრომთან 2 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. მინისტრი განმარტავს, რომ პირველი წლის განმავლობაში, 2017 წელს საქართველო გაზის გატარების სანაცვლოდ ნაწილობრივ ნედლეულს და ნაწილობრივ გარკვეულ თანხას მიიღებს.

2018 წლიდან კი მაგისტრალური გაზსადენით გატარებული გაზის ნაცვლად ქვეყანა სრულად ფინანსური ანაზღაურების ფორმაზე გადავა.

„ამ ხელშეკრულებით, მე ამას ხაზი მინდა გავუსვა, საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება, იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად, საერთაშრისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას. რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. ფინანსური თვალსაზრისით, ჩვენ დაახლოებით ვიღებთ იმავე შედეგს, რაც ნედლეულით ანაზღაურების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, არ იყო ადვილი ეს მოლაპარაკებები. საჭიროების შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება იმის აუცილებლობა, რომ წამოვიღოთ დამატებითი მოცულობები, რადგან, თქვენ იცით, რომ ბუნებრივი აირის მოხმარება იზრდება, ფასი 215 დოლარის ნაცვლად იქნება 185 დოლარი,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, კომპანია გაზპრომ-ექსპორტის ხელმძღვანელობისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის სამუშაო შეხვედრა 10 დეკემბერს მინსკში გაიმართა.

მხარეებმა შეხვედრაზე რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტის საკითხთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

იტვირთბა....