საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსული და აფხაზური წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 3 იანვარს, აფხაზეთის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამხედრო პოლიგონის მომზადების მიზნით გაანადგურეს გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდასთან არსებული მრავალფენიანი არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი – VIII-IX და გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარი, სამაროვანი, ეკლესიის ნანგრევი და ასევე XX ს-ის შუა ხანების პოლონელთა სასაფლაო.
უწყება რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული ძეგლების დაზიანებისა და განადგურების პრაქტიკა შეწყვიტოს:
”საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების მორიგ ფაქტს, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას, და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული ძეგლების დაზიანებისა და განადგურების პრაქტიკა. აღნიშნული უკანონო ქმედება კიდევ ერთხელ მიანიშნებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტრო შეახსენებს რუსეთის ფედერაციას, რომ კულტურული მემკვიდრეობის გამიზნული დაზიანება არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, კერძოდ კი “შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურულ ფასეულობათა დაცვის” 1954 წლის კონვენციას, ასევე “კულტურული მემკვიდრეობის გამიზნული განადგურების” შესახებ UNESCO-ს 2003 წლის დეკლარაციის პრინციპებს.
სამინისტრო მოუწოდებს ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას,UNESCO-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებს და ყველა ღონე იხმარონ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და დაცვის მიზნით”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.