ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

“უცებ დაიხარა მაგიდასთან და დაიწყო დარტყმა”: ნიკა გვარამიაზე თავდასხმის დეტალები

ნიკა გვარამიაზე თავდასხმის  დეტალებს ჟურნალისტებთან იხსენებს მისი მეგობარი, მუსიკათმცოდნე მარინა ბერიძე. მისი განცხადებით, რესტორანში მათთან ერთად იმყოფებოდა რეჟისორი დავით დოიაშვილიც, რომლის მიმართ ასევე იყო ფიზიკური შეურაცხყოფა.

მარინა ბერიძის ინფორმაციით თავდამსხმელთაგან ერთ-ერთს ე.წ კაპიშონიანი ზედა ეცვა და მისი ცნობა შეუძლებელი იყო, გარდა ამისა შენობაში არ იყო სინათლე. რაც ეხება რეჟისორ დავით დოიაშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მიზეზს, ბერიძე იხსენებს რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დოიაშვილმა გაშველება გადაწყვიტა.

“ჯერ ნიკას და მერე დოი რომ წამოდგა, ვერაფერი ვერ გავიგეთ ვინ იყო ან სად დაეცა ნიკა. ძალიან სიბნელე იყო, 15 წუთით ადრე ჩაქრა სინათლე. ერთს კაპიშონი ჰქონდა და ვერაფრით ვერ დაინახავდი ვინ იყო, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ.”– აცხადებს მარინა ბერიძე.

ნიკა გვარამიას ერთ-ერთი თანმხლები პირი იხსენებს:

“ორი ადამიანი, გამხდარი მაღალი, ვერც შევამჩნიეთ ისე მშვიდად წამოვიდნენ ჩვენკენ, რომ დარწმუნებულები ვიყავით, რომ ან მისასამძიმრებლად მიდიან ან ნაცნობები არიან. ეს ბიჭი უცებ დაიხარა მაგიდასთან და დაიწყო დარტყმა”– აცხადებს გვარამიას თანმხლები ქალბატონი.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძე დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია მასზე თავდასხმის შესახებ. მოგვიანებით, ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატი გაჩეჩილაძემ, ასევე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა:
“ღიად ვაცხადებ: ეს შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room- ში მოხდა იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ! ცხადია, მისი მამის გარდაცვალების შესახებ არ ვიცოდი და არც შეიძლება მცოდნოდა.
ადვოკატთან ერთად დღესვე, მე თვითონ გამოვცხადდები შესაბამის უწყებაში”, – წერს სოციალურ ქსელში რატი გაჩეჩილაძე.
ნიკა გვარამიაზე თავდასხმა გუშინ საღამოს მოხდა.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ადამიანები იმდენად მძიმედ დაისაჯონ, რომ სხვას ამის გამეორება აღარ მოუნდეს, – ასეთი განცხადება გააკეთა ნიკა გვარამიამ მასზე მომხდარ თავდასხმაზე.
”მე, როგორც ერთი მოქალაქე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ადამიანები იმდენად მძიმედ დაისაჯონ, რომ სხვას ამის გამეორება აღარ მოუნდეს”, – აღნიშნა გვარამიამ.
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის თქმით, თავდაპირველად თავდამსხმელების სამიზნე მხოლოდ ის იყო და მის მეგობრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენეს, რაც ისინი ინციდენტში ჩაერივნენ.

 

 

იტვირთბა....