„პირველი გეგმა არის ინვენტარიზაცია და განვითარება,“- ამის შესახებ „მეტრონომთან“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლადარჩეულმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ტელევიზიაში უკვე დაიწყო სამუშაო რეჟიმი:
„სხვა კანდიდატებს ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. მათ ჩემთვის ძალიან ფასეული და ნიშანდობლივი ბევრი რამ თქვეს. ისედაც, მე მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ. რამდენიმეს ვიცნობდი და დიდი პატივისცემით ვარ გამსჭვალული.
„მეტრონომი“: რა არის თქვენი უმთავრესი გეგმა, რომელსაც უპირველესად განახორციელებთ?
ვასილ მაღლაფერიძე: „ფაქტობრივად ამ წუთებში ვიწყებთ სიტუაციის გაცნობას, უკვე დავიწყეთ სამუშაო რეჟიმი. პირველი გეგმა არის ინვენტარიზაცია და განვითარება.“
– რაც შეეხება კითხვას, რომელიც თქვენ მიმართ გასაუბრების ტურზეც გაჟღერდა, თუნდაც როგორც GDS-ის ყოფილი პროდიუსერის მიმართ, რამდენად დაცული იქნება საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკური გავლენებისგან?
– GDS არის ისეთივე მედიასაშულება, როგორც ნებისმიერი დანარჩენი სხვა, მათ შორის თქვენი. ამ კითხვაზე მე უკვე ვუპასუხე და თუ როგორი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებელი, ვგულისხმობ პოლიტიკურ გავლენებს, ყველა დაინახავთ. ეს იქნება, რასაკვირველია, სრულიად თავისუფალი“, -განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ „მეტრონომთან“.
შეგახსენებთ, რომ გასაუბრების ტურში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ქეთევან მსხილაძემ გენერალური დირექტორობის კანდიდატ ვასილ მაღლაფერიძეს ჰკითხა:
„როგორ შეძლებთ გადაეწყოთ თქვენი პოლიტიკური წარსულიდან და არსებული სიმპათიებიდან? როგორ შეძლებთ საკუთარ თავს მოერიოთ, დათრგუნოთ ეს თქვენი პოლიტიკური სიმპათიები და საინფორმაციო სამსახური იყოს ობიექტური?“
მაღლაფერიძემ კი ბორდის წევრს საპასუხოდ მიმართა, რომ მას „ქართული ოცნების“ მიმართ ვალდებულება არ გააჩნია:
„იმ ვითარებაში, რა პერიოდიც გავიარეთ, რას ვეძახით ჩვენ მხარეს და რას ნიშნავს ნეიტრალური ვითარება? როდესაც დემოკრატია და ავტორიტარიზმი ებრძვის ერთმანეთს, აქ მხარე არ არის. მხარეები ჩვენ უნდა ვიყოთ, როდესაც დემოკრატიის სივრცეა. ასეთ ვითარებაში თუ ვიღაც ახერხებს შუაში დადგომას ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის, ჩემთვის სხვა სახელი ჰქვია. მაგრამ, ამავე დროს უნდა გითხრათ პირდაპირ, რომ არც ვალი მაქვს ”ქართული ოცნების” რაიმე, არც ვალდებულება და არც მიმუშავია არც ერთი დღე. მე არც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვყოფილვარ არასდროს. ვიყავი ხელისუფლებაში და დავტოვე, როდესაც მიმაჩნდა, რომ ისინი ცუდად იქცეოდნენ. მე მაქვს ჩემი გამოცდილება, ძალიან დიდი ხანია ამ სფეროში ვმუშაობ, ხოლო პოლიტიკის მიმართ არანაირი ვალდებულება არ მაქვს. მე მაშინ მაინტერესებს, რომელი ტელევიზია მიგაჩნიათ საამაყო ტელევიზიად, საიდანაც შეიძლება მოსულიყო გენერალური დირექტორი?”, – მიმართა კითხვის საპასუხოდ მაღლაფერიძემ მსხილაძეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გახდა ვასილ მაღლაფერიძე. გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
საბოლოო კენჭისყრის შედეგად 6 ხმა ვასილ მაღლაფერიძემ, ხოლო 2 ხმა თინა ბერძენიშვილმა მიიღო.
მანა ნოდია