„მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული წესის დარღვევით შექმნილი საორგანიზაციო კომისიისა და მათი მხარდამჭერების მიერ არჩეული გზით შეუძლებელია 20 იანვარს ლეგიტიმური, იურიდიულად გამართული და სათანადოდ ორგანიზებული ყრილობის ჩატარება“, – ამის შესახებ განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეები, პარტიის თბილისის საქალაქო ორგანიზაციაში შემავალი რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და 2016 წლის საპრალამენტო არჩევნების მაჟორიტარობის კანდიდატები ავრცელებენ.
„2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო კამპანია ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტაციის პარლამენტში შესვლის წინააღმდეგ, რამაც სერიოზულად დააზიანა მთლიანად ”ნაციონალური მოძრაობა”. ამავდროულად, ნაცვლად თავისუფალი კონკურენციის პირობებში შიდა პოლიტიკური დებატების მკაფიო, გამჭვირვალე წესებზე დაფუძნებული პროცესისა, პარტიის ლიდერების ნაწილის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პარტიის წესდებისა და პოლიტიკური საბჭოს მიერ დადგენილი წესის გვერდის ავლით ცილისმწამებლური კამპანიის პირობებში ჩატარდეს ყრილობა და წარიმართოს მისი მოსამზადებელი პროცესი.
”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს მიერ 30 ნოემბერს მიღებული ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მეშვიდე პარტიული ყრილობისა და დელეგატების შერჩევის წესის” თანახმად, ყრილობის დელეგატების რაოდენობა 7 000-ით განისაზღვრა. ამავე წესის 3.3 მუხლის მიხედვით, ყრილობის დელეგატობის კანდიდატებს ურთიერთშეთახმების საფუძველზე შეარჩევს პარტიის რაიონული გაერთიანების თავმჯდომარე და საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხდება შეთანხმება პარტიის რაიონულ/საქალაქო თავმჯდომარეებსა და მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის ამავე წესის 3.5 მუხლის მიხედვით, ყრილობის დელეგატების დასადგენად მოწვეული უნდა იქნას რაიონული კონფერენციები. დღეისთვის არ არის განსაზღვრული როგორ და რა წესით ხდება დელეგატთა შესათანხმებლად პარტიული კონფერენციების მოწვევა, ყრილობის დელეგატების შერჩევა, როგორ დგება ყრილობის დღის წესრიგი, როგორ განისაზღვრება ყრილობაზე ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურა. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთ რაიონში დელეგატთა შერჩევა უკვე მიმდინარეობს პოლიტსაბჭოს 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების დარღვევით. ამასთან, არ მოხდა ყრილობის ჩატარების საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობის და ფუნქციონირების წესის განსაზღვრა პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული წესის 5.2 მუხლის მიხედვით. ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეთავაზებულ იქნა პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვა, მაგრამ პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილის მიერ გამოცხადებული ბოიკოტის გამო სხდომა ვერ ჩატარდა ქვორუმის არ არსებობის მიზეზით. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობის ჩატარების თარიღამდე ძალიან ცოტა დრო რჩება, თუმცა, არ ჩანს ქმედითი ნაბიჯები და აღარ რჩება დრო ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული წესის დარღვევებით შექმნილი ”საორგანიზაციო კომისიისა” და მათი მხარდამჭერების მიერ არჩეული გზით შეუძლებელია 2017 წლის 20 იანვარს ლეგიტიმური, იურიდიულად გამართული და სათანადოდ ორგანიზებული ყრილობის ჩატარება”, – ნათქვამია ”ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: სერგო რატიანი, ელენე ხოშტარია, მამუკა ჩიქოვანი, ლევან ბობოხიძე, აკმამედ იმამკულიევი, დათო ჟღენტი, ტარიელ ლონდარიძე, დავით ნაფეტვარიძე, ბესიკ კვიციანი, ლაშა დამენია, ვახტანგ დარცმელიძე, გიორგი თევდორაძე, დავით ჯინჯოლავა, არსენ კარაპეტიანი, სიმონ პარუნაშვილი, ირაკლი აბესაძე, ვახტანგ ქვათაძე, დავით დაღელაშვილი, გელა დემეტრაძე, ირაკლი დვალი, ბესიკ ბექაური, კახა დეკანაძე, ვაჟა ჩიტაშვილი, გიორგი ხახნელიძე, ზაზა კედელაშვილი, გიორგი ვაჟბედაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ზურაბ ჯიბუხია და სხვები.