ახალი ამბები მედია მთავარი

„თქვენ გაქვთ გამოკვეთილი პოლიტიკური სიმპათიები“: ვასილ მაღლაფერიძეს საზმაუს საბჭოს წევრმა მიმართა

„როგორ შეძლებთ გადაეწყოთ თქვენი პოლიტიკური წარსულიდან და არსებული სიმპათიებიდან? როგორ შეძლებთ საკუთარ თავს მოერიოთ, დათრგუნოთ ეს თქვენი პოლიტიკური სიმპათიები და საინფორმაციო სამსახური იყოს ობიექტური?“- ამ კითხვით მიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ქეთევან მსხილაძემ გენერალური დირექტორობის კანდიდატ ვასილ მაღლაფერიძეს.

როგორც მსხილაძემ მაღლაფერიძეს გასაუბრებაზე მიმართა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ნდობას შესაძლოა დაარტყას სწორედ მისმა პოლიტიკურმა წარსულმა და სიმპათიებმა.

„თქვენ ხართ ყოფილი პოლიტიკოსი, თუმცა თუ არსებობენ ყოფილი პოლიტიკოსები არ ვიცი. ეს დანაშაული კი არ არის, უბრალოდ მინდა მაყურებლისთვის იყოს ცნობილი. ჯერ იყავით „მოქალაქეთა კავშირის“ წევრი, შემდეგ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი, შემდეგ გუბერნატორი, ამის შემდეგ ასევე პოლიტიკური მიზნებით შექმნილი ტელევიზიის – ”მეცხრე არხის” დირექტორის მოადგილე და GDS-ის 2030-ის გენერალური პროდიუსერი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არ მიმაჩნია დანაშაულად, მაგრამ თქვენ გაქვთ თქვენი გამოკვეთილი პოლიტიკური სიმპათიები. მაგალითად, არჩევნების წინა დღეს გამოაქვეყნეთ დიდი პუბლიცისტური წერილი, რომლითაც მხარს უჭერდით მმართველ პარტიას. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი კერძო ტელეკომპანიის დირექტორი იყოთ და ამაში მე მხარს დაგიჭერდით, მაგრამ როდესაც ასეთი პოლიტიკური გამოცდილების და მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური სიმპათიების მქონე ადამიანი მოდის საზოგადოებრივ მაუწყებელში და გენერალური დირექტორობა უნდა, დიდი კითხვის ნიშანი მიჩნდება. თქვენ ბევრი ისაუბრეთ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნდობა უნდა მოიპოვოს, მაგრამ შესაძლოა სწორედ ამ ნდობას დაარტყას თქვენმა პოლიტიკურმა წარსულმა“, – მიმართა მსხილაძემ მაღლაფერიძეს.

მაღლაფერიძემ კი ბორდის წევრს საპასუხოდ მიმართა, რომ მას ”ქართული ოცნების” მიმართ  ვალდებულება არ გააჩნია.

„იმ ვითარებაში, რა პერიოდიც გავიარეთ, რას ვეძახით ჩვენ მხარეს და რას ნიშნავს ნეიტრალური ვითარება? როდესაც დემოკრატია და ავტორიტარიზმი ებრძვის ერთმანეთს, აქ მხარე არ არის. მხარეები ჩვენ უნდა ვიყოთ, როდესაც დემოკრატიის სივრცეა. ასეთ ვითარებაში თუ ვიღაც ახერხებს შუაში დადგომას ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის, ჩემთვის სხვა სახელი ჰქვია. მაგრამ, ამავე დროს უნდა გითხრათ პირდაპირ, რომ არც ვალი მაქვს ”ქართული ოცნების” რაიმე, არც ვალდებულება და არც მიმუშავია არც ერთი დღე. მე არც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვყოფილვარ არასდროს. ვიყავი ხელისუფლებაში და დავტოვე, როდესაც მიმაჩნდა, რომ ისინი ცუდად იქცეოდნენ. მე მაქვს ჩემი გამოცდილება, ძალიან დიდი ხანია ამ სფეროში ვმუშაობ, ხოლო პოლიტიკის მიმართ არანაირი ვალდებულება არ მაქვს. მე მაშინ მაინტერესებს, რომელი ტელევიზია მიგაჩნიათ საამაყო ტელევიზიად, საიდანაც შეიძლება მოსულიყო გენერალური დირექტორი?”, – მიმართა კითხვის საპასუხოდ მაღლაფერიძემ მსხილაძეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი.

იტვირთბა....