ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„რას წარმოადგენს ბაქრაძე?“

 

„ნაციონალური მოძრაობის“  ყოფილი წევრი ანდრო ბარნოვი პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებას, კონკრეტულად კი დავით დარჩიაშვილის წერილს სოციალური ქსელის პირად გვერდზე ეხმაურება:

”ძალიან მეზარება ყველა აბსურდზე პასუხის გაცემა, მაგრამ ზოგიერთს მაინც უნდა ვუპასუხო… დარჩიაშვილის პოსტს ვეხმიანები, რადგან ბაქრაძის კომენტატორობა უკისრია.

1 – დათომ მიშას ხელი გაუწოდაო, წერს. კარგი, ბატონო, ხელი ხელია, მაგრამ ხელი ტანს თუ არ აბია, როგორ უნდა ჩამოართვა? პირადად რას უნდა ვერჩოდე, მაგრამ ვის და რას წარმოადგენს ბაქრაძე? ამ კითხვაზე პასუხი მე არ მაქვს და, შესაბამისად, ხელს რომ ვართმევ, არ ვიცი ვის ვართმევ – მანეკენს თუ რამე იდეის ლიდერს და სიმბოლოს?

2 – დარჩიაშვილს ბაქრაძის ინტერვიუში სიღრმისეული ფენა დაუნახავს, რაც, თურმე, იმაში მდგომარეობს, რომ ბაქრაძე გაწონასწორებული ლიდერია, რომელიც შეძლებს, ერი შეარიგოს, მიშა კი კონფრონტაციული ლიდერიაო. აქ პირჯვრის გადაწერით შემოვიფარგლებოდი, მაგრამ ორ სიტყვას მაინც ვიტყვი, რომ ვინმემ ერის შერიგებისათვის ცად აღვლენილ ლოცვაში არ ჩამითვალოს.

მითხარით, გეთაყვა, რისი სიმბოლოა ბაქრაძე? შერიგების? ვისთან და რასთან შერიგების? პოლიტპატიმრების და პოლიტიკური დევნის არსებობასთან? სცენიდან ჩამობრძანდით და თუნდაც პარტერში დაიკავეთ ადგილები. ჩვენ კი შევეცდებით დაგანახოთ, რა არის ნამდვილი ღირებულება – იმედით, რომ მაშინ მაინც მიხვდებით, ძალას როცა იგრძნობთ.

გარწმუნებთ, ძალა უბრალო ხალხისგან წამოვა (თქვენ რომ გაცნობა არ გინდათ, იმათგან), რომლებიც, თქვენგან განსხვავებით, არ არიან დამძიმებულები სნობური იდეებით და, კვლავ თქვენგან განსხვავებით, არც არაფერი აქვთ დასაკარგი. მათ მხოლოდ განვითარება სწადიათ და ამიტომ მარტივ რაღაცებს თქვენზე ადვილად იგებენ, ადვილად არ ემღვრევათ ტვინი.

3 – ბაქრაძე ამას მარტო ვერ შეძლებს, მიშას დახმარება სჭირდებაო. უფალო, გადმოგვხედე. პირიქით არ გიფიქრიათ, რომ დახმარება იმას სჭირდება, ვინც იბრძვის, და არა იმას, ვისაც ყველა მოსახვევში ზეთი გასდის? თუ – საწყალობელთა შემწეობის პრინციპით უნდა ვიაროთ პოლიტიკაში?

დაბოლოს, სრულიად გულწრფელად ვამბობ: ღრმად მწამს, რომ თუ მართლა გსურთ შერიგება და პარტიის ერთიანობის შენარჩუნება, ამ საოცრებების თხზვას, ჯობია თქვით, რომ შეცდით, რომ მზად ხართ დარჩეთ პარტიის რიგით წევრებად და ემსახუროთ იდეას, იმ ფორმით, რასაც პარტიის მხარდამჭერები განგისაზღვრავთ. მითუმეტეს, პარლამენტში ადგილები თქვენია და არც მთლად რიგითებად მოგიწევთ დარჩენა. მაგრამ, შეგიძლიათ, პატიოსნად მოიქცეთ? ეს არის ძირითადი კითხვა და მე გულწრფელად ძალიან მინდა, რომ მასზე დადებითი პასუხის გაცემის შესაძლებლობა გადამწყვეტ მომენტში მაინც მომცეთ. ყველას გაქვთ კომპეტენცია, გაქვთ გარკვეული სახელი და გყავთ სოციალური წრე, რომელიც პატივს გცემთ. გამოადექით საერთო საქმეს, დადეთ ეს რესურსი საერთო საქმისათვის. არავინ აპირებს კუდიანებზე ნადირობას, თუ ამ ღირებულებითი ფლანგის ნგრევას თავს დაანებებთ და ეცდებით, მართლა იდეის ლიდერები გახდეთ. თქვენი ბრძოლითა და გულწრფელობით მოიპოვეთ ხალხის მხარდაჭერა და მერე გამოდით ეროვნული ლიდერობის პრეტენზიებით, მგონი უნდა ხვდებოდეთ, რომ ასე უფრო მართებულიცაა და რაციონალურიც.

მომავალ აბსურდამდე გემშვიდობებით…”, – წერს ბარნოვი.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარტიაში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურას ამიტომ არ დააყენებს.

დათო ბაქრაძის ინტერვიუში გაჟღერებულ განცხადებებს ენმ-ს წევრთა ნაწილმა სიცრუე უწოდა.

ენმ-ს წევრმა დავით დარჩიაშვილმა კი სოციალურ ქსელში ბაქრაძის ინტერვიუს შესახებ ვრცელი პოსტი დაწერა, სადაც აღნიშნა, რომ ბაქარაძე გაწონასწორებული ლიდერია და დაპირისპირების დრო დასრულდა.

ენმ 20 იანვარს ყრილობისთვის ემზადება, სადაც პარტიის თავმჯდომარე უნდა დაასახელონ. პარტიაში ამან განხეთქილება გამოიწვია, რადგან ნაწილი მიიჩნევს, რომ პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილია, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ სააკაშვილი ლიდერია, მაგრამ თავმჯდომარის პოსტი საქართველოში მყოფმა წევრმა უნდა დაიკავოს.

იტვირთბა....