„დავით ბაქრაძემ გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მე მათ ვუწოდე მოღალატეები”,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი წერს:
„დავით ბაქრაძემ გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მე მათ ვუწოდე მოღალატეები. არც ერთ საჯარო თუ შიდა პარტიულ გამოსვლაში მე სიტყვა “მოღალატე” არ გამომიყენებია. სამწუხაროა, რომ სერიოზულ ადამიანს უხდება (იმედს ვიტოვებ გაუცნობიერებლად) უხეში ტყუილის თქმა, თანაც ისეთის, რომელიც ძალიან ადვილი გადასამოწმებელია.
20 იანვარს უნდა ჩატარდეს ყრილობა ცივილიზებულად და ურთიერთპატივისცემის პირობებში და პარტიის მართვა დაუბრუნდეს მის აქტივს. ყრილობის გადადების ყველანაირი მცდელობა იმ ხალხის მხრიდან, რომელიც ჩქარობდა ყრილობის მოწვევას უკვე 27 დეკემბერს საფუძველს მოკლებულია. მე ყოველ დღე ვერთვები ჩვენს ათასობით აქტივისტს მთელს საქართველოში და კარგად ვიცი, რომ ისინი მზად არიან ყრილობის მაღალ დონეზე ჩასატარებლად.”- წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარტიაში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურას ამიტომ არ დააყენებს. ამავდროულად, დათო ბაქრაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი თანაგუნდელებს მოღალატეებს უწოდებს და ეს მორალურ ზღვარს სცდება.
ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბაქრაძის ინტერვიუს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და სიცრუე უწოდა.
დათო ბაქრაძის ინტერვიუში გაჟღერებულ განცხადებებს ენმ-ს წევრთა ნაწილმაც სიცრუე უწოდა.
ენმ 20 იანვარს ყრილობისთვის ემზადება, სადაც პარტიის თავმჯდომარე უნდა დაასახელონ. პარტიაში ამან განხეთქილება გამოიწვია, რადგან ნაწილი მიიჩნევს, რომ პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილია, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ სააკაშვილი ლიდერია, მაგრამ თავმჯდომარის პოსტი საქართველოში მყოფმა წევრმა უნდა დაიკავოს.